ორი საშვილოსნოს მქონე ქალი ორივე მათგანში ცალ-ცალკე დაფეხმძიმდა — უიშვიათესი ფენომენის შესაძლო ახსნა
როგორც ამბობენ, მსგავსი შემთხვევის შანსი 50 მილიონში ერთი იყო.
ალაბამაში მცხოვრები 32 წლის ქალი, რომელიც ორი საშვილოსნოთი დაიბადა, ტყუპზეა ფეხმძიმედ. ორივე ნაყოფი თითოეულ საშვილოსნოში ცალ-ცალკე ჩაისახა.
კელსი ჰეჩერმა 17 წლის ასაკიდან იცოდა, რომ "ორმაგი საშვილოსნო" ჰქონდა. ეს იშვიათი სამედიცინო მდგომარეობაა, რომლის დროსაც ადამიანს ორი საშვილოსნო აქვს. მიჩნეულია, რომ ფენომენი მდედრობითი სქესის წარმომადგენელთა 0.3%-ში გვხვდება.
ქალმა "ორმაგი ფეხმძიმობის" შესახებ მაისში შეიტყო, როდესაც ორსულობის მე-8 კვირაზე, წესისამებრ, ულტრასონოგრაფიას იტარებდა — ჰეჩერმა არამხოლოდ ის გაიგო, რომ ტყუპს ელოდებოდა, არამედ ისიც, რომ ორივე საშვილოსნოში თითო ნაყოფი იყო.
კელსი თავის ისტორიას თავისივე Instagram ანგარიშზე გვიზიარებს.
შვეტა პატელმა, ქალის მეან-გინეკოლოგმა (ალაბამის უნივერსიტეტი, ბირმინგემის ქალებისა და ჩვილების ცენტრი), მოვლენა შემდეგნაირად ახსნა:
"დიდი ალბათობით, ოვულაცია ცალ-ცალკე მოხდა და თითოეულ ფალოპის მილში თითო კვერცხუჯრედი ჩამოვიდა საშვილოსნოების ორივე მხარეს; ამის შემდეგ სპერმატოზოიდებმა თითოეულ საშვილოსნომდე მიაღწია და კვერცხუჯრედები ცალ-ცალკე განაყოფიერდა".
ორმაგი საშვილოსნოს მქონე ქალებში ორსულობისას გართულებები ხშირია. მიუხედავად ამისა, ჰეჩერის პირველი სამი შვილი დროულად და ჯანმრთელი დაიბადა.
ორ საშვილოსნოში ფეხმძიმობის ერთდროული მიმდინარეობა უაღრესად იშვიათი მოვლენაა. ჰეჩერს უთხრეს, რომ ამის შანსი 50 მილიონში ერთი იყო. მსგავსი გახმაურებული შემთხვევა 2019 წელს დაფიქსირდა ბანგლადეშში — 20 წლის არიფა სულთანამ ჯანმრთელი ტყუპი გააჩინა 26-დღიანი შუალედით.
ჰეჩერს იმედი აქვს, რომ ორივეზე ბუნებრივი გზით იმშობიარებს. მეორე მხრივ, გასათვალისწინებელია, რომ კუმშვები ორივე საშვილოსნოში სხვადასხვა დროს დაიწყება — წუთების, საათების ანდა სულაც დღეების განსხვავებით. მშობლები აცნობიერებენ, რომ, შესაძლოა, ერთი ან სულაც ორივე შემთხვევისთვის საკეისრო კვეთა გახდეს საჭირო.
მშობლები ბავშვებს დეკემბრის ბოლოს ელოდებიან. ამჟამად ორივე ნაყოფი ჯანმრთელია.
კომენტარები