ისლანდიაში ვულკან ფაგრადალსფიალის ამოფრქვევის საშიშროებაა, რის გამოც იქ საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ეს გადაწყვეტილება ბოლო დროს მომხდარი მიწისძვრების შემდეგ მიიღეს, რადგან ხშირად ასეთ მოვლენებს სწორედ სეისმური აქტიურობა უძღვის წინ.

ქალაქ გრინდავიკის მოსახლეობა უკვე ევაკუირებულია, რადგან ეს ტერიტორია ყველაზე დიდი რისკის ქვეშაა. ამოფრქვევის საფრთხის შესახებ ქვეყნის მეტეოროლოგიურმა სამსახურმა განაცხადა, რომლის მონაცემებითაც, ეს მომდევნო დღეებშია მოსალოდნელი.

ისლანდიის უნივერსიტეტში მომუშავე ვულკანოლოგ თორ თორდასონის თქმით, სუდურნესის ნახევარკუნძულის ზედაპირის ქვეშ მაგმის 15-კილომეტრი სიგრძის მდინარეა, რომელიც ჯერ კიდევ აქტიურია. აქედან ასკვნიან, რომ ვულკანი მალე ამოიფრქვევა. ამაზე მიანიშნებს უკანასკნელ რამდენიმე კვირაში დაფიქსირებული ათასობით ბიძგიც ფაგრადალსფიალის მიმდებარედ.

ერთ-ერთი მიწისძვრის შედეგად კოლაფსირებული მიწა.

ფოტო: REUTERS

მეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით, ქალაქ გრინდავიკის ჩრდილო-აღმოსავლეთით მაგმის ნაკადი ვრცელდება, რომელიც 800 მეტრზე ნაკლებ სიღრმეშია. მათი თქმით, ცოტა ხნით ადრე დამდნარი ქანების ეს მდინარე 1500 მეტრზე გადაადგილდებოდა, ანუ ის ნელ-ნელა ზედაპირისკენ მოიიწევს.

ოქტომბრის მიწურულიდან დღემდე ისლანდიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში 20 000-ზე მეტი მიწისძვრა მოხდა. წინა კვირაში დადგინდა, რომ მაგმის "გვირაბი" გრინდავიკამდე მალე მიაღწევდა, ამიტომ სამოქალაქო თავდაცვის სააგენტომ პარასკევს მოსახლეობის ევაკუაცია გადაწყვიტა. ამავე დროს, სპეციალისტებმა ადამიანებს სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდეს, რადგან საგანგაშო, დაუყოვნებლივი საფრთხის შემცველი, სიტუაცია ჯერჯერობით არ იყო.

ახლა ყველა მოსალოდნელ ამოფრქვევას ელის.

ისლანდია გეოლოგიურად ერთ-ერთი ყველაზე აქტიური რეგიონია და იქ 30-მდე ვულკანია. რაც შეეხება ფაგრადალსფიალს, ის 2021 წლამდე 800 წლის განმავლობაში არ ამოფრქვეულა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.