დაიღუპა ისტორიაში მეორე ადამიანი, რომელსაც ღორის გული ჰქონდა გადანერგილი
ლოურენს ფაუეტმა ღორის გულით 6 კვირა იცოცხლა.
პროცედურიდან 6 კვირის შემდეგ დაიღუპა კაცი, რომელსაც მსოფლიოში მეორეს გადაუნერგეს ღორის გული. ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ იგი თავს მშვენივრად გრძნობდა.
58 წლის ლოურენს ფაუეტს გულის განუკურნებელი დაავადება ჰქონდა. მას გენეტიკურად მოდიფიცირებული ღორისგან გული 20 სექტემბერს გადაუნერგეს. პაციენტი 30 ოქტომბერს დაიღუპა.
ასევე იხილეთ: ისტორიაში მეორედ, ადამიანს ღორის გული გადაუნერგეს
"ვგლოვობთ მისტერ ფაუეტის დაკარგვას, შესანიშნავი პაციენტის, მეცნიერის, სამხედრო-საზღვაო ძალების ვეტერანისა და ოჯახის კაცის, რომელსაც უბრალოდ სურდა, თავის მოსიყვარულე ცოლთან, ვაჟებთან და ოჯახთან ცოტა მეტი დრო გაეტარებინა", — აცხადებს ბარტლი გრიფიტი, ქირურგი, რომელმაც მერილენდის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრში გადანერგვის ოპერაცია ჩაატარა.
ფაუეტი პენსიაზე გასვლამდე ლაბორატორიის ტექნიკოსად მუშაობდა ჯანდაცვის ეროვნულ ინსტიტუტებში. ოპერაციის შემდეგ იგი ფიზიკურ თერაპიას გადიოდა, რათა სიარული ისევ შესძლებოდა.
ცნობისთვის, ცხოველის ორგანოების ადამიანზე გადანერგვას ქსენოტრანსპლანტაცია ეწოდება. შესაძლოა, ამ მეთოდის წყალობით ორგანოების დეფიციტი აღმოიფხვრას. ეს მნიშვნელოვანია, რადგან მხოლოდ აშშ-ში 100 ათასზე მეტი ადამიანი ელის ორგანოების გადანერგვას.
ქსენოტრანსპლანტაცია საკმაოდ კომპლექსური პროცედურაა, რადგან პაციენტის იმუნური სისტემა უცხო ორგანოს თავს ესხმის. მეცნიერები პრობლემის გვერდის ავლას გენმოდიფიცირებული ღორების ორგანოების გამოყენებით ცდილობენ.
პირველი ადამიანი, რომელსაც ღორის მოდიფიცირებული გული გადაუნერგეს, 2022 წელს დაიღუპა პროცედურიდან 2 თვის შემდეგ. ექიმებმა ეს ღორის გულის მიუღებლობას დაუკავშირეს. ივარაუდეს ისიც, რომ გართულებების მაპროვოცირებელი ფაქტორი ღორის ვირუსიც იყო.
ასევე იხილეთ: კაცი ღორის გულით — მილიონობით ადამიანის სიცოცხლის იმედი
მიუხედავად ფატალური შედეგებისა, ორივე ოპერაცია იმაზე მიანიშნებს, რომ ორგანოების გადანერგვის პრობლემა აღმოფხვრადია. საკითხავი მხოლოდ ისაა, როდის მოხერხდება ტექნიკის იმგვარად გაუმჯობესება, რომ პაციენტებს მეტხანს შევუნარჩუნოთ სიცოცხლე.
კომენტარები