Google-ის SGE-ს, ძიების გენერაციულ გამოცდილებას, სურათების AI გენერატორი ემატება — ფუნქცია, რომელიც ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით ისეთ ფოტოს დააგენერირებს, როგორსაც მივუთითებთ. განახლების ფარგლებში ვიხილავთ ტექსტის გენერირების ფუნქციასაც.

კომპანიის მიზანია, სხვადასხვა საქმის შესრულება პირდაპირ Google Search-იდან შევძლოთ. ამჟამად ახალი ფუნქციები მხოლოდ აშშ-შია ხელმისაწვდომი ზოგიერთი მომხმარებლისთვის. ფართო მასშტაბით ისინი ახლო მომავალში ჩაეშვება.

ამჟამად SGE მხოლოდ მომხმარებელთა შეკითხვებს სცემს პასუხებს. განახლების შემდეგ უკვე შესაძლებელი იქნება, რომ მას რაიმეს დახატვა ვთხოვოთ და სრულებით ახალი სურათი დავაგენერირებინოთ.

მაგალითად, Google-ის დემონსტრაციაში მას შეფის ქუდიანი კაპიბარას დახატვა სთხოვეს, რომელიც საუზმეს ამზადებს:

ფოტო: Google

საშუალება გექნებათ, ხელოვნურ ინტელექტს რაიმეს დახატვა პირდაპირ ძიების ველიდან სთხოვოთ google.com-ზე. შესაძლოა, Google-მა ფუნქციით სარგებლობა მაშინაც შემოგთავაზოთ, როცა ჩვეულებრივი სურათის ძებნის შედეგებს დაათვალიერებთ.

კომპანიის განცხადებით, ეს იმ შემთხვევებისთვის იქნება სასარგებლო, როცა კონკრეტული მახასიათებლების სურათს ვეძებთ, თუმცა ზუსტად იმას ვერ ვპოულობთ, რაც გვინდა.

SGE ერთ მითითებაზე ოთხამდე სურათს დააგენერირებს. ისინი ძიების შედეგების ზემოთ გამოჩნდება სხვა ფერის ფონზე.

მას შემდეგ, რაც Google Search-ის შედეგების გვერდიდან სურათს ამოარჩევთ, "Export" ღილაკით შეგეძლებათ, იგი PNG-ის სახით გადმოწეროთ ანდა Google Drive-ზე შეინახოთ. "Edit" ღილაკზე დაჭერით სპეციალურ გვერდზე გადახვალთ, რომლიდანაც საკუთარი მითითების შეცვლას შეძლებთ. შესაძლებელი იქნება ფოტოს კოპირებაც.

საგულისხმოა, რომ Google არ დაუშვებს ისეთი სურათის გენერირებას, რომელზეც საზიანო, შეცდომაში შემყვანი ანდა 18+ შიგთავსი იქნება ასახული. არ შეიქმნება ცნობილი ადამიანების სურათები და ფოტორეალისტური სახეებიც.

SGE-ს მიერ გენერირებულ ნებისმიერ სურათს უხილავი იარლიყი და მონიშვნა ექნება, რათა ნათელი იყოს, რომ იგი ხელოვნური ინტელექტის მიერაა გენერირებული. Google-ის განცხადებით, სურათების გენერირების კუთხით დღიური ლიმიტიც იარსებებს, თუმცა ამის დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

ამასობაში SGE-ს ტექსტის გენერირების მხრივაც ემატება ახალი "უნარები". მას სხვადასხვა ჩანაწერი/ტექსტი შეგიძლიათ შეაქმნევინოთ, შემდეგ კი სპეციალური ფუნქციით პროდუქტი საკუთარ საჭიროებებს უკეთ მოარგოთ. დასრულების შემდეგ ტექსტის გადატანა Google Drive-ში ან Gmail-ში შეგიძლიათ. ეს ფუნქციაც თავდაპირველად მხოლოდ აშშ-ში მცხოვრები პირებისთვის იქნება ხელმისაწვდომი ინგლისურ ენაზე.

სურათების გენერატორს რაც შეეხება, იგი ჯერ ასევე აშშ-ის ზოგიერთი მოქალაქისათვის იქნება ხელმისაწვდომი ინგლისურ ენაზე, უფრო ფართოდ კი იგი ახლო მომავალში ჩაეშვება. ფუნქციით სარგებლობისათვის მინიმუმ 18 წლის უნდა იყოთ; საჭიროა SGE-ზე დარეგისტრირებაც Google Labs-იდან.

თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე.