რა დაემართათ მაიმუნებს, რომლებიც ილონ მასკის კომპანიის, Neuralink-ის ცდებში მონაწილეობდნენ
მილიარდერი ამტკიცებს, რომ ცდებში მონაწილე არცერთი მაიმუნი Neuralink-ის ტვინის იმპლანტის მიზეზით არ მომკვდარა. თუმცა, ეს ასე არ არის.
სექტემბერში, ილონ მასკი X-ზე (ყოფილი ტვიტერი) წერდა, რომ Neuralink-ის ცდების განმავლობაში დაღუპული მაიმუნები "უკვე სიკვდილთან ახლოს" იყვნენ. ბიზნესმენი ამ პოსტით ცდილობდა უამრავი ადამიანის დარწმუნებას იმაში, რომ არცერთი მაიმუნი არ დაღუპულა მისი ბიოტექნოლოგიური კომპანიის ტვინის იმპლანტების მიზეზით.
თუმცა გამოცემა Wired-ის გამოძიებაში მიმოხილული დოკუმენტები, ისევე როგორც Neuralink-ის ყოფილი თანამშრომლის ჩვენება მასკის ამ განცხადებას პირდაპირ ეწინააღმდეგება.
გასულ კვირას Neuralink-მა კლინიკური ცდებისთვის ადამიანების ძებნა დაიწყო. კომპანიას ამის ნებართვა უკვე აქვს. მასკის დაპირება რევოლუციის მოხდენა და ისეთი ტვინის იმპლანტის შექმნაა, რომელიც სხვადასხვა მოწყობილობის გონებით მართვის უნარს შეგვძენს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი შშმ პირებისთვისაა. თუმცა ცხოველების ცდების კუთხით არსებული პასუხგაუცემელი კითხვები ახალ ეჭვებს ბადებს.
Wired-მა კალიფორნიის პრიმატების კვლევის ეროვნული ცენტრიდან (CNPRC), რომელშიც 2017 წლიდან 2020 წლის ბოლომდე Neuralink პრიმატების კვლევის ექსპერიმენტები ტარდებოდა, ვეტერინატული ჩანაწერები მოიპოვა. ჩანაწერები მიუთითებს, რომ Neuralink-ის ნეირონული ჩიპის იმპლანტაციის შემდეგ 12-მდე მაიმუნი ტვინის შეშუპებითა და ნაწილობრივი დამბლით იტანჯებოდა. აქვე განვიხილავთ რამდენიმე შემთხვევას:
- ჩანაწერებში აღწერილია Animal 20-ის შემთხვევა. 2019 წლის დეკემბერში, პრიმატის ტვინში ჩასმული იმპლანტის შიდა ნაწილი ოპერაციის მიმდინარეობისას გაწყდა. იმავე ღამით მაიმუნმა იმპლანტის ადგილი გაიკაწრა და სისხლდენის თანხლებით ნაწილობრივ მოიშორა მოწყობილობა. შემდეგ დღეს ოპერაციისას აღმოჩნდა, რომ ჭრილობა ინფიცირებული იყო (ბაქტერიული და სოკოვანი ინფექციები), თუმცა ინფექციის ადგილს იმპლანტი ფარავდა. 2020 წლის 6 იანვარს მაიმუნის ევთანაზია გახდა საჭირო.
- მდედრი მაიმუნი, რომელიც ჩანაწერებში Animal 15-ადაა მოხსენიებული, ტვინის იმპლანტის ჩადგმის შემდეგ თავს მიწას აჭერდა. ანგარიშის თანახმად, ეს ტკივილის ან ინფექციის სიმპტომია. ის იმპლანტის ადგილს იწვალებდა, სანამ სისხლდენა არ დაიწყო. ის მისი გალიის იატაკზე წვებოდა და მასთან ერთად მყოფ მაიმუნთან ხელჩაკიდებული იყო ხოლმე. დროთა განმავლობაში მაიმუნმა კოორდინაცია დაკარგა და კანკალებდა, როდესაც კვლევითი ჯგუფის წევრებს ხედავდა. მისი მდგომარეობა რამდენიმე თვე ასეთი იყო, სანამ მკვლევრებმა 2019 წლის მარტში მისი ევთანაზია არ გადაწყვიტეს. ნეკროპსიამ აჩვენა, რომ მას ტვინში სისხლდენა აღენიშნებოდა და Neuralink-ის იმპლანტმა მისი ტვინის ცერებრალური კორტექსის ნაწილი "გახეხა".
- 2020 წლის მარტში, პრიმატი Animal 22 მოკლეს, რადგან, ნეკროპსიის დასკვნის თანახმად, მისი იმპლანტი მოეშვა და თავის ქალაზე მიმაგრებული ხრახნები "იოლად მოცილებადი იყო". "ამ იმპლანტის კრახი მთლიანად მექანიკური ხასიათისაა და არაა გამოწვეული ინფექციის გამწვავებით", — აღნიშნულია ნეკროპსიის მოხსენებაში.
როგორც Wired აღნიშნავს, მხოლოდ ეს ერთი შემთხვევაც მოწმობს, რომ მასკის მტკიცება მცდარია. შეგახსენებთ, რომ მილიარდერი ამტკიცებს, თითქოს ცდებში მონაწილე არცერთი მაიმუნი Neuralink-ის ტვინის იმპლანტის მიზეზით არ მომკვდარა. აღსანიშნავია, რომ გასულ შემოდგომაზე, პრეზენტაციისას მასკი ასევე ამტკიცებდა, რომ Neuralink-ის ცდები ცხოველებზე "კვლევითი" ხასიათის ნაკლებად იყო და სანაცვლოდ უკვე სრულად ჩამოყალიბებული სამეცნიერო ჰიპოთეზის დადასტურებას ემსახურებოდა. მასკი ამბობდა, რომ ექსტრემალურად ფრთხილები იყვნენ ამ კუთხით.
Neuralink-ის ყოფილი თანამშრომელი Wired-თან საუბარში აღნიშნავს, რომ მასკის განცხადება მაიმუნების უწინდელი ავადობის შესახებ "სასაცილოა" და "პირდაპირი სიყალბეა".
"ჩვენ ეს მაიმუნები დაახლოებით ერთი წელი გვყავდა მანამ, სანამ ოპერაციას ჩავატარებდით", — ამბობს Neuralink-ის ყოფილი თანამშრომელი. ხოლო CNPRC-ის ანონიმური მეცნიერის ჩვენების თანახმად, "ეს საკმაოდ ახალგაზრდა მაიმუნები იყო, რთულია იმის წარმოდგენა, რომ არაზრდასრული მაიმუნები სიკვდილის პირას იყვნენ [ექსპერიმენტში მონაწილეობამდე]".
ეთიკურმა ჯგუფმა, რომელიც ცნობილია სახელით Physicians Committee for Responsible Medicine აშშ-ის უსაფრთხოების კომისიას (SEC) უკვე გაუგზავნა წერილი, სადაც ილონ მასკის საეჭვო განცხადებების გამოძიებას ითხოვს.
"ისინი ამტკიცებენ, რომ უსაფრთხო მოწყობილობას გახდიან ხელმისაწვდომს ბაზარზე და ეს ისაა, რის გამოც ინვესტირება ღირს. ჩვენ ვხედავთ იმ სიცრუეს, რითიც ის ცდილობს, გაამართლოს ის, რაც მოხდა კვლევის საწყის ეტაპებზე", — განაცხადა კომიტეტის წევრმა, რაიან მერკლიმ Wired-თან.
კომიტეტის თანახმად, მასკის პოსტები X-ზე (ყოფილი ტვიტერი) ინვესტორებისთვის ახალი ამბების წყაროა, იმის გათვალისწინებით, რომ მილიარდერს პლატფორმაზე 150 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს. მასკის ტვიტებს დიდი გამოხმაურება და შედეგები მოჰყვება, იმის მიუხედავად, სურს თუ არა მას ამ შედეგების მიღება.
კომიტეტის მიგნებები უკვე SEC-ის ხელშია და ახლა უკვე უნდა დაველოდოთ, რა იქნება შემდეგ. თუმცა Neuralink ადამიანებზე კლინიკურ ცდებს უკვე იწყებს და ჩვენ არ ვიცით, რა შედეგით დასრულდება ცდები ამჯერად.
თუ SEC მასკის განცხადებებს გამოიკვლევს, ეს მესამე შემთხვევა იქნება, როცა ფედერალური სამსახური Neuralink-ის ცდებზე გაამახვილებს ყურადღებას. 2022 წლის დეკემბერში US Department of Agriculture’s Office-მა დაიწყო ცხოველებზე ჩატარებული Neuralink-ის ცდების გამოძიება, ხოლო 2023 წლის თებერვალში US Department of Transportation-მა დაიწყო Neuralink-ის მხრიდან ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტული პათოგენების არაუსაფრთხო გადაადგილების შემთხვევის შესწავლა.
ეს გამოძიება FDA-ის მხრიდან, 2022 წლის დასაწყისში Neuralink-ის განაცხადის უარყოფას მოყვა. მაშინ კომპანია ადამიანებზე კლინიკური ცდების ჩატარების უფლებას ითხოვდა. Reuters-ის თანახმად, სააგენტოს მთავარ შეშფოთებას მოწყობილობის ლითიუმის ელემენტი იწვევდა, ისევე როგორც იმპლანტის სადენების ტვინის სხვა ნაწილებში გადანაცვლების საშიშროება. ცოტა ხნის წინ Neuralink-მა განაცხადა, რომ დამოუკიდებელი საბჭოსგან მიიღო თანხმობა იმპლანტები პარალიზის მქონე ადამიანებზე გამოცადოს, იმ მიზნით, რომ მათ კომპიუტერის კლავიატურის ან კურსორის გონებით მართვის შესაძლებლობა მისცეს.
კომენტარები