საქართველოში პაპილომა ვირუსის აცრა უფასო გახდა 45 წლამდე ქალებისა და 26 წლამდე კაცებისთვის
ადამიანის პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ასაკობრივი ჯგუფი გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი (NCDC) ავრცელებს.
ახალი რეგულაციების მიხედვით უფასოდ ვაქცინაციის ჩატარება შეუძლიათ გოგონებსა და ქალებს 10-დან – 45 წლის ჩათვლით, ხოლო ბიჭებსა და მამაკაცებს 10-დან 26 წლის ჩათვლით.
ადამიანის პაპილომავირუსი რეპროდუქციული ტრაქტის ყველაზე გავრცელებული ვირუსული ინფექციაა, რომელიც ქალებსა და მამაკაცებში იწვევს სხვადასხვა დაავადებას — კიბოსწინარე დაზიანებებს, სხვადასხვა ლოკალიზაციის კიბოსა და სხვა.
პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ამ დაავადებების პრევენციის მაღალეფექტიანი და უსაფრთხო საშუალებაა. მრავალწლიანი პრაქტიკით მტკიცდება, რომ მას, თითქმის არ გააჩნია გვერდითი მოვლენები.
საქართველოში ყოველწლიურად 200 ქალი იღუპება საშვილოსნოს ყელის კიბოთი. შემთხვევათა 40%-ზე მეტის დიაგნოსტირება დაგვიანებულ სტადიაზე ხდება. საშვილოსნოს ყელის კიბო, რომლის ძირითადი ეთიოლოგიური ფაქტორი ადამიანის პაპილომავირუსია, ქალთათვის ყველაზე ხშირად დიაგნოსტირებულ ონკოლოგიურ დაავადებათა შორის მეხუთე ადგილზეა საქართველოში.
ასევე იხილეთ: საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენცია და განკურნება შესაძლებელია
NCDC-ის მიხედვით, საქართველოში 15 წლამდე გოგონებისა და ბიჭებისთვის აცრების კურსი ორდოზიანია და აცრებს შორის მინიმალური ინტერვალი 6 თვეა. ხოლო 15-დან – 45 წლამდე გოგონებისა და ქალებისათვის აცრების კურსი სამდოზიანია. სამჯერადი ვაქცინაცია ტარდება შემდეგი სქემით: 0 – 2 – 6 თვე. პირველ და მეორე დოზებს შორის მინიმალური ინტერვალი უნდა იყოს არანაკლებ 1 თვე, ხოლო მეორე და მესამე დოზებს შორის მინიმალური ინტერვალი უნდა იყოს არანაკლებ 3 თვე.
15-დან 26 წლამდე ბიჭებისა და მამაკაცებისთვის აცრების შემთხვევაში კურსი სამდოზიანია. სამჯერადი ვაქცინაცია მიმდინარეობს შემდეგი სქემით: 0 – 2 – 6 თვე. პირველ და მეორე დოზებს შორის მინიმალური ინტერვალი უნდა იყოს არანაკლებ 1 თვე, ხოლო მეორე და მესამე დოზებს შორის მინიმალური ინტერვალი უნდა იყოს არანაკლებ 3 თვე.
აღსანიშნავია, რომ ქალებს 27 წლის ზევით უფასო აპვ აცრისთვის სჭირდებათ ექიმის რეკომენდაცია.
შესაბამისი ასაკობრივი კატეგორიის ქალებისთვის და კაცებისთვის ადამიანის პაპილომავირუსის საწინააღმდეგო (აპვ) ვაქცინაცია უფასოა აპვ ვაქცინაციის სერვისის მიმწოდებელ ნებისმიერ სამედიცინო დაწესებულებაში. ჩამონათვალის ნახვა ამ ბმულზე შეგიძლიათ.
კომენტარები