Twitter ფასიანი ხდება — პლატფორმით სარგებლობისათვის თანხის გადახდა ყველას მოგვიწევს
X-ის, ყოფილი Twitter-ის, მფლობელმა განაცხადა, რომ პლატფორმით სარგებლობისათვის მალე ყველა მომხმარებელს მოუწევს თანხის გადახდა. ილონ მასკმა ამის შესახებ ისრაელის პრემიერ მინისტრთან ისაუბრა, ცვლილების მიზეზად კი ავტომატიზებულ ანგარიშებთან, ბოტებთან, ბრძოლა დაასახელა.
ბინიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრისას მასკმა განაცხადა, რომ თანხის გადახდა ყველა მომხმარებელს მოუწევს. აქამდე ფასიანი მხოლოდ პრემიუმ ანგარიშის გამოწერა იყო, რომელიც თვეში რამდენიმე დოლარად (ფასი აშშ-ში $11-ა აიფონისთვის, გაერთიანებულ სამეფოში კი — £11) მომხმარებლებს ვერიფიკაციის ლურჯ ნიშანსა და მსგავს პრივილეგიებს სთავაზობს.
"სისტემის მოხმარებისათვის მცირე თვიური გადასახადის შემოღებაზე გადავდივართ", — განაცხადა მასკმა.
მისი თქმით, ბოტების შესაქმნელად მინიმალური ხარჯებია საჭირო, ანგარიშის ღირებულების გაზრდა კი ოპერატორებს დააბრკოლებს.
"ამასთანავე, ყოველ ჯერზე, როცა ბოტის შემქმნელი ახალი ბოტის გაკეთებას მოინდომებს, გადასახდელად სხვა ახალი მეთოდი დასჭირდება", — დაამატა კომპანიის მფლობელმა.
მასკმა ისიც აღნიშნა, რომ X-ს ყოველთვიურად 550 მილიონი მომხმარებელი ჰყავს და პლატფორმაზე დღეში 200 მილიონი პოსტი იდება. მანამ, სანამ იგი 2022 წლის ოქტომბერში პლატფორმას შეიძენდა, კომპანია მომხმარებელთა ბაზას სხვა მეთოდით ზომავდა, მაჩვენებელი კი 238 მილიონს უდრიდა.
შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მასკი გადასახადის შემოღებას იმიტომ გეგმავს, რომ რეკლამებისგან მიღებული შემოსავალი მცირდება. მისი თქმით, ამ მხრივ კლიენტების ბოიკოტმა აღნიშნული თანხა 60%-ით შეამცირა. რეკლამის დამკვეთებში უარყოფითი დამოკიდებულება პლატფორმის მენეჯმენტმა და ახალმა მიდგომებმა აღძრა, რომელიც სიძულვილის ენისა და უადგილო შიგთავსის მიმართ მეტად შემწყნარებელია.
კომენტარები