ახალმა ხელოვნურმა თირკმელმა შესაძლოა, მომავალში დიალიზის საჭიროება მოხსნას
კალიფორნიის უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერებმა შექმნეს ბიორეაქტორი, რომელიც თირკმლის სასიცოცხლო ფუნქციებს იმეორებს. მან ღორის ორგანიზმში 1 კვირა გაძლო, რაც ამ ორგანოსთან დაკავშირებული პრობლემების მქონე პაციენტებისთვის იმედის მომცემია.
კერძოდ, სპეციალისტებმა ადამიანის თირკმლის უჯრედები მოათავსეს მოწყობილობაში, რომელიც იმპლანტაციას ექვემდებარება. ის ცხოველის სხეულში გადაიტანეს, რის შემდეგაც ბიორეაქტორში არსებულმა უჯრედებმა ფუნქციურობისა და სიცოცხლისუნარიანობის 90%-ზე მეტი შეინარჩუნა.
ეს ექსპერიმენტი მიუთითებს, რომ მკვლევართა მიერ შექმნილ ბიონიკურ ორგანოს იმუნური სისტემა არ უტევს. მართალია, ჯერ კიდევ ადრეა იმის თქმა, ჩაანაცვლებს თუ არა ამგვარი ტრანსპლანტი ადამიანის თირკმელს, თუმცა დიალიზისა თუ სხვა ძვირადღირებული პროცედურების საჭიროების მქონე პაციენტებისთვის მსგავსი მიღწევები მნიშვნელოვანია.
დიალიზის მოწყობილობები ძალიან დიდი ზომისაა და თირკმლის ტრანსპლანტაციის ჩასანაცვლებლად არც ისე მოსახერხებელი საშუალებაა. ამის ნაცვლად მეცნიერები ფიქრობენ, რომ ნამდვილი ორგანოს უჯრედების შემცველი ბიორეაქტორი უკეთესი ალტერნატივაა და პოტენციურად მრავალი ადამიანის ცხოვრების შეცვლა შეუძლია.
მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში ნახევარ მილიონზე მეტ ადამიანს დიალიზი კვირაში რამდენჯერმე სჭირდება, მათთვის დონორის მოძებნა კი ძალიან ძნელია. აშშ-ში ახალ თირკმელს მხოლოდ 20 000 პაციენტი იღებს. ეს მაშინ, როცა მომლოდინეთა სიაში დაახლოებით 100 000 ინდივიდია.
"ჩვენი ექსპერიმენტული დიზაინი იმისთვის შევქმენით, რომ უჯრედთა სიცოცხლისუნარიანობა შეგვესწავლა და არა მათი გადატანა და მეტაბოლური ფუნქცია. სამომავლო კვლევები კონცენტრირდება როგორც უჯრედთა რაოდენობის ზრდაზე, ისე იმპლანტაციის პერიოდის გახანგრძლივებაზე უფრო მეტ ცხოველში, რათა სტატისტიკური მნიშვნელობა და საბოლოო მტკიცებულება მივიღოთ.
ბიოხელოვნური თირკმელი ამ ორგანოს დაავადებების მკურნალობას უფრო ეფექტიანს, ასატანს და კომფორტულს გახდის", — აცხადებენ ავტორები.
მათი ნაშრომი გამოცემაში Nature Communications გამოქვეყნდა.
კომენტარები