მარიხუანის მოხმარება ჩვენს სხეულში მძიმე ლითონებს ტოვებს — კვლევა
კოლუმბიის უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერებმა ახალი კვლევის ფარგლებში დაადგინეს, რომ კანაფის პროდუქტების მომხმარებლებს ორგანიზმში მძიმე მეტალების, კადმიუმისა და ტყვიის მაღალი დონე აღენიშნებათ.
"კადმიუმისა და ტყვიის შემთხვევაში, ეს ლითონები სხეულში დიდი ხნის განმავლობაში რჩება, იქ მათი მოხვედრიდან ხანგრძლივი პერიოდის შემდეგაც", — აცხადებენ ავტორები.
მათ 7 000-ზე მეტი ადამიანის სისხლისა და შარდის ანალიზები შეისწავლეს. სპეციალისტებმა ისინი 4 კატეგორიაში გააერთიანეს, მათ შორის იყვნენ მარიხუანის, თამბაქოს ან ორივეს მომხმარებლები და ისინი, ვინც არცერთს იყენებდნენ.
კვლევამ გამოავლინა, რომ იმ ადამიანების სისხლსა და შარდში, რომლებიც მარიხუანას მოიხმარდნენ, დიდი ოდენობით კადმიუმი და ტყვია იყო. მეოთხე ჯგუფში მსგავსი რამ არ დაფიქსირებულა. ეს საგანგაშოა, რადგან ორგანიზმში მძიმე ლითონების არსებობა ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემებთანაა დაკავშირებული, როგორიცაა სიმსივნე და ტვინის დაზიანება.
ეს ნიშნავს, რომ მარიხუანა ჩვენთვის საფრთხის შემცველია და არც ისეთი უწყინარი ნარკოტიკული საშუალებაა, როგორიც ბევრ ჰგონია. საქმე ისაა, რომ მცენარე კანაფი გარემოდან, მაგალითად, მიწიდან, წყლიდან, სასუქებიდან და პესტიციდებიდან ლითონებს შთანთქავს. შესაბამისად, მისი მოხმარებისას მსგავსი ელემენტები ადამიანის სხეულში გადადის და იქ რჩება.
აღსანიშნავია, რომ ამ მხრივ საშიშია არა მხოლოდ მარიხუანა, არამედ თამბაქოც, რომელთანაც მძიმე ლითონების ასევე მაღალი დონეა ასოცირებული. თანამედროვე მსოფლიოში ორივე მათგანს საკმაოდ ბევრი მომხმარებელი ჰყავს, ანუ პოტენციური საფრთხე პოპულაციის დიდ ნაწილს ემუქრება.
ახალი ნაშრომი გამოცემაში Environmental Health Perspectives გამოქვეყნდა.
კომენტარები