მეცნიერები გვაფრთხილებენ — კლიმატის ცვლილება მილიარდი ადამიანის სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის
წიაღისეული საწვავი, რომელსაც დღეს ვიყენებთ, მომავალში ბევრისთვის სასიკვდილო განაჩენი იქნება.
კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებული ბოლოდროინდელი პროგნოზები შემაშფოთებელია. მომდევნო საუკუნის განმავლობაში, გლობალური დათბობის შედეგად, შესაძლოა, მილიარდზე მეტი ადამიანი მოკვდეს.
პროგნოზების უმეტესობის მსგავსად, კონკრეტული შეფასებაც რამდენიმე ვარაუდს ეყრდნობა.
არსებობს "1000 ტონა წესი", რომლის მიხედვითაც ყოველი ათასი ტონა ნახშირბადის გამოყენება მომავალში ერთი ადამიანის სიკვდილის მიზეზი გახდება.
თუ გლობალური ტემპერატურა 2 გრადუს ცელსიუსით მოიმატებს ეს ადამიანების სიცოცხლეს დიდ საფრთხეს შეუქმნის. ყოველი 0,1 გრადუსი ცელსიუსის მატება 100 მილიონი ადამიანის სიკვდილთან შეიძლება იყოს დაკავშირებული.
"1 000 ტონა წესის სერიოზულად მიღების შემთხვევაში, გლობალური დათბობა მომდევნო საუკუნეში მილიარდი ადამიანის სიკვდილს გამოიწვევს. ფაქტია, უნდა ვიმოქმედოთ და რაც შეიძლება მალე", — განმარტა ენერგეტიკის სპეციალისტმა, ჯოშუა პერსმა.
კლიმატის ცვლილების შედეგად ადამიანის სიკვდილიანობის მაჩვენებლის ზუსტი განსაზღვრა ძალიან რთულია.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის თანახმად, ყოველწლიურად გარემო ფაქტორები 13 მილიონი ადამიანის სიკვდილს იწვევს. უცნობია ამ სიკვდილებიდან რამდენია პირდაპირ თუ ირიბად გამოწვეული კლიმატის ცვლილების გამო.
ექსპერტების ნაწილს მიაჩნია, რომ ტემპერატურის ცვლილება წელიწადში ხუთი მილიონ ადამიანს კლავს.
პრობლემა ის არის, რომ კლიმატის ცვლილების გლობალური ეფექტი მრავალფეროვანია. მოსავლის სიმცირე, გვალვა, წყალდიდობა, ექსტრემალური ამინდი, ტყის ხანძრები და წყლის დონის მატება. საბოლოოდ ეს ყველაფერი ადამიანების სიცოცხლეზე მოქმედებს.
მიმოხილვა Energies-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები