OpenAI-მ ბიზნესებისათვის ChatGPT-ს სპეციალური ვერსია, ChatGPT Enterprise, გამოუშვა
OpenAI-მ ChatGPT-ის სპეციალური ვერსია გამოუშვა, რომელიც ბიზნესმონაცემებს უკეთ დაიცავს. საკითხი იმიტომ გახდა აქტუალური, რომ ჩატბოტის გამოყენებაზე უფრო და უფრო მეტი კომპანია ფიქრობს, თუმცა თან კონფიდენციალურობასა და უსაფრთხოებაზე ღელავენ.
OpenAI-ს ბლოგპოსტში ვკითხულობთ, რომ ChatGPT Enterprise უკეთეს დაცვასა და კონფიდენციალურობას, GPT-4-ზე შეუზღუდავ წვდომასა და მონაცემთა მეტად დახვეწილ ანალიზს უზრუნველყოფს. ეს იმისთვის, რომ კომპანიებმა ინფორმაცია გაცილებით სწრაფად მიიღონ და ChatGPT-ისათვის მეტად კომპლექსური შეკითხვების დასმა შეძლონ.
მრავალი ბიზნესი ღელავს იმაზე, რომ, შესაძლოა, მათი მონაცემები ChatGPT-ს საწვრთნელად გამოიყენონ. აშინებთ იმის შანსიც, რომ AI მოდელებთან შემთხვევით დელიკატური ინფორმაცია გამჟღავნდება კლიენტებზე.
OpenAI-ის განცხადებით, ChatGPT Enterprise-ის შემთხვევაში მომხმარებლები თავიანთი ინფორმაციის მართვასა და ფლობას შეძლებენ. შესაბამისად, მათ მონაცემებს ენის მოდელის საწვრთნელად არავინ გამოიყენებს.
კომპანიის ცნობით, ახალ შეთავაზებას მალე ახალი ფუნქციებიც დაემატება, მათ შორის მეტად დახვეწილი ანალიტიკური ხელსაწყოები; შესაძლებელი იქნება ისიც, რომ საკუთარ საჭიროებებზე მოვარგოთ, კომპანიის რა მონაცემებს ფლობს ChatGPT. საგულისხმოა, რომ OpenAI თანდათან პატარა ბიზნესებსაც შესთავაზებს სხვადასხვა ფასის ვარიანტებს.
როგორც OpenAI-მ The Verge-თან განაცხადა, ChatGPT Enterprise ბიზნესზე ორიენტირებული პირველი პროდუქტია და გამოყოფილია ChatGPT-ისა თუ ChatGPT Plus-ისგან.
კომპანიებს, რომლებიც ChatGPT-ს უკვე იყენებენ, შეუძლიათ, ეს ჩვეულებრივ განაგრძონ, ხოლო იმ შემთხვევაში, თუკი ახალი ფუნქციებით სარგებლობა სურთ, ChatGPT Enterprise-ზე შეუძლიათ გადაერთონ.
უსაფრთხოებაზე ღელვის გამო ორგანიზაციები რახანია იყენებენ OpenAI-სა და GPT-4-ს, რათა გენერაციული AI-ს ხელსაწყოები შექმნან, თუმცა GPT-4-თან დაკავშირებას ბევრი API-ს ან ქლაუდ სერვისების მეშვეობით ამჯობინებს.
იმისათვის, რომ მათი მონაცემებით GPT ენის მოდელი არ გაწვრთნილიყო, ზოგიერთმა კომპანიამ საკუთარი LLM ტიპის სისტემების შექმნა დაიწყო. ამას შედარებით პატარა ფირმები ვერ შეძლებენ, შესაბამისად, შესაძლოა, მათთვის ChatGPT Enterprise საკმაოდ ღირებული აღმოჩნდეს.
ახლახან OpenAI-მ GPT-3.5-ზე დახვეწილი რეგულირება დაამატა, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, ChatGPT-ს საკუთარ საჭიროებებზე მორგებული დავალებები შეასრულებინონ. შეიძლება ითქვას, ეს უფრო მასშტაბური შეთავაზების, ChatGPT Enterprise-ის, ერთგვარი შესავალი იყო.
კომენტარები