რომელი მცენარეული ალერგენები იქნება გავრცელებული 21-27 აგვისტოს — ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრი
ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრი მცენარეული ალერგენების გავრცელების თაობაზე კვირის პროგნოზს გვთავაზობს.
როგორც ცენტრის ფეისბუქპოსტში ვკითხულობთ, 21-27 აგვისტოს პერიოდში მხოლოდ ამბროზიას (Ambrosia), სარეველა მცენარის, ყვავილის მტვრის მარცვლების კონცენტრაცია "გაიზრდება და მაღალ ნიშნულზე დაფიქსირდება".
ამას გარდა, პოსტის თანახმად, უცვლელი ტემპითაა მოსალოდნელი შემდეგი მცენარეული ალერგენების გავრცელება:
- მაღალი იქნება საშუალო ალერგენული თვისებების მქონე სარეველა მცენარის, ნაცარქათამას (Chenopodium), ყვავილის მტვრის მარცვლების კონცენტრაცია;
- დაბალი მაჩვენებლით დაფიქსირდება მაღალი ალერგენული თვისებების მქონე ბალახოვანი მცენარეების, მარცვლოვნების (Poaceae), მტვრის მარცვლების კონცენტრაცია;
- დაბალ ნიშნულზე შენარჩუნდება ავშანის (Artemisia) მტვრის მარცვლების კონცენტრაცია;
- დაბალ ნიშნულზე დაფიქსირდება სოკოვანი ალერგენების, ალტერნარიასა (Alternaria) და კლადოსპორიუმის (Cladosporium), სპორების კონცენტრაცია.
ამასთანავე, ერთეული სახით დაფიქსირდება: მჟაუნას (Rumex), მრავალძარღვასა (Plantago) და ჭინჭრის (Urtica) ყვავილის მტვრის მარცვლები.
ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრის მეორე პოსტის თანახმად, თავად ამბროზია (მცენარე, რომლის ყვავილის მტვრის მარცვლების კონცენტრაციაც ამ პერიოდში მოიმატებს), ერთ-ერთი მაღალი ალერგენული თვისებების მქონე სარეველა მცენარეა. იგი ამჟამად ყვავილობის აქტიურ პერიოდშია, რაც საშუალოდ აგვისტოდან სექტემბრის ბოლომდე გრძელდება ხოლმე.
მცენარე დასავლეთ საქართველოშიცაა გავრცელებული და აღმოსავლეთშიც, ხოლო მისი მტვრის მარცვლები ჰაერის მეშვეობით ათეულობით კილომეტრზეც კი იფანტება.
ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრს თუ დავეყრდნობით, ამბროზიის ალერგიის სიმპტომები, როგორც წესი, მაშინ ვითარდება, როცა მტვრის კონცენტრაცია მაღალია.
განცხადების თანახმად, ყველაზე გავრცელებული სიმპტომებია:
- ცემინება
- სურდო
- ცრემლდენა
- თვალების ქავილი
- ქუთუთოების შეშუპება
- ხველა
თუკი ეჭვობთ, რომ ამბროზიაზე ალერგია გაქვთ, უმჯობესია, ექიმს მიმართოთ, რომელიც მდგომარეობის შეფასებასა და მართვაში დაგეხმარებათ.
მანამდე ალერგოლოგიისა და იმუნოლოგიის ცენტრი რამდენიმე რჩევას გვაძლევს ზემოქმედების შესამცირებლად:
- ამ პერიოდში სახლში დარჩით;
- დახურეთ ფანჯრები, რათა სახლში მტვრის რაოდენობა შემცირდეს;
- შინ დაბრუნებისას გარე ტანსაცმელი გაიხადეთ და შხაპი მიიღეთ.
კომენტარები