ნახეთ: გასაოცარი ვიდეო ოკეანის ზედაპირზე თავდაყირა გაშეშებულ ვეშაპს გვიჩვენებს
ახლახან ავსტრალიელმა კაიაკერმა და ბუნების ენთუზიასტმა ბროდი მოსმა საზოგადოებას გასაოცარი ვიდეო გაუზიარა, რომელშიც ოკეანის ზედაპირზე თავდაყირა, უძრავ მდგომარეობაში მყოფი ვეშაპი მოჩანს. წყლის მაღლა მხოლოდ მისი კუდია, დანარჩენი სხეული კი ქვემოთაა გაშეშებული.
"გული ძალიან სწრაფად მიცემს. ვფიქრობ, ეს ვეშაპის კუდია. ის უბრალოდ მომიახლოვდა, კუდი წყლიდან ამოყო და არსად მიდის. არც კი ვიცი, რა ვთქვა.
არ ვიცი რას აკეთებთ, მაგრამ მეგობრული ვარ. მადლობა, რომ მოსასალმებლად მოხვედით", — ამბობს ამ უჩვეულო სანახაობის შემსწრე ბროდი მოსი ვიდეოში.
მის მიერ გადაღებულ შთამბეჭდავ კადრებში უზარმაზარი კუზიანი ვეშაპის კუდი გამჭვირვალე კაიაკიდან სულ რამდენიმე მეტრში ჩანს. მან GoPro-ს მეშვეობით ისიც აღბეჭდა, თუ რა ხდებოდა წყალქვეშ: იქ თავქვე მდგომარეობაში მყოფი ვეშაპი და მისი სავარაუდო ნაშიერი იყო. ვიდეოში ცხოველთა სახასიათო ხმებიც კი ისმის.
მაინც რატომ იყო ვეშაპი პირქვე გაშეშებული?
ამ ფენომენს "კუდ-აფრიანობა" ეწოდება, რადგან წყლიდან ამოშვერილი ფარფლები სწორედ გემის აფრებს მოგვაგონებს. მსგავსი ქცევა ცნობილია, თუმცა მასზე დაკვირვების საშუალება იშვიათად გვეძლევა. ეს არა მხოლოდ კუზიან ვეშაპებში, არამედ რუხ, არქტიკულ და სამხრეთულ ვეშაპებშიც გვხვდება.
რატომ აკეთებენ ისინი ამას, გაურკვეველია. მეცნიერები ფიქრობენ, რომ შესაძლოა, ამ გზით ვეშაპები სხეულს ასვენებდნენ. მეორე მოსაზრების თანახმად, ეს მათ გაგრილებაში ეხმარება, როცა წყალი თბილია. კერძოდ, ოკეანის ზედაპირზე კუდის ამოყოფით ფარფლებს ქარს უშვერენ და ტემპერატურას ირეგულირებენ.
როგორც არ უნდა იყოს, ეს ნამდვილად უჩვეულო სანახავია.
კომენტარები