გამომყევი აჭარაში — იმოგზაურე რეგიონის მრავალფეროვან ბუნებაში და მოიგე 100 ათასი ლარი
აჭარის ულამაზესი ბუნება — სიმწვანეში ჩაფლული მთები, მზიანი ზღვის ხედები, კულტურული მრავალფეროვნება თუ არაერთი თავშესაქცევი ამ კუთხეს მართლაც გამორჩეულ დასასვენებელ ადგილად აქცევს. ამიტომ, აჭარას ყოველწლიურად ათასობით ტურისტი და ადგილობრივი სტუმრობს.
პროექტ აჭარის ტურისტული ანბანის ღირსშესანიშნაობებისთვის თვალის გადავლებაც საკმარისია, მიხვდე, რამდენი რამ არის სანახავი და აღმოსაჩენი აჭარაში, რამდენი კუნჭული, რომელიც მრავალწლიან ისტორიას ინახავს და დამთვალიერებლებს ხიბლავს.
სწორედ აღნიშნული პროექტის ფარგლებში, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის ცნობილი თუ ნაკლებად ცნობილი ტურისტული ადგილების ანბანური საძიებელი შეიქმნა და მომზადდა ვიდეო მასალები. ახლა კი, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა მასშტაბური სარეკლამო კამპანია — გამომყევი აჭარაში დაიწყო, რომელიც ტურისტულ ანბანში გაერთიანებული 33 ღირსშესანიშნაობის პოპულარიზებას ისახავს მიზნად.
კამპანიის ფარგლებში, ყველას, მათ შორის, ქართველ ბლოგერებს, მოგზაურებს, ინფლუენსერებს, ფოტოგრაფებსა და ვიდეოგრაფებს თუ ცნობილ სახეებს, რომლებსაც უნდათ, რომ აჭარის მრავალფეროვნება აუდიტორიას გაუზიარონ, შესაძლებლობა ეძლევათ, რომ შექმნან კონტენტი და საპრიზო თანხაც მოიგონ.
გამომყევი აჭარაში — როგორ უნდა ჩაერთოთ კამპანიაში
გამომყევი აჭარაში მიზნად ისახავს აჭარის, როგორც ოთხივე სეზონზე მიმზიდველი, მრავალფეროვანი, საინტერესო ტურისტული მიმართულების პოპულარიზაციას, შიდა ტურიზმის ხელშეწყობასა და რეგიონის გამორჩეული ადგილების დიდი აუდიტორიისთვის გაცნობას.
პროექტში ჩართვა მარტივია — რეგისტრაცია პირველი აგვისტოდან იწყება სწორედ პროექტისთვის შექმნილ ვებგვერდ followajara.ge-ზე. მსურველებს დარეგისტრირება პროექტის მიმდინარეობისას ნებისმიერ დროს შეუძლიათ. რეგისტრაციის გავლის შემდეგ აჭარის ტურისტული ანბანის 33 ღირსშესანიშნაობიდან შემთხვევითობის პრინციპით 7 ტურისტული ადგილი შეგხვდება. შემდეგ კი მოგიწევს აღნიშნული 7 ადგილი მოინახულო და მათ შესახებ კონტენტი შექმნა.
15 აგვისტოდან 15 ოქტომბრის ჩათვლით მოგზაურობის, ახალი აღმოჩენებისა და კონტენტის შექმნის პერიოდი გაგრძელდება. ამ პერიოდში აჭარის იმ მიმართულებით მოგზაურობა უნდა დაგეგმო, რომელიც რეგისტრაციისას გხვდა წილად, შექმნა ღირსშესანიშნაობის შესახებ კონტენტი, რომელიც მნახველებს დააინტერესებს და ტურიზმის სტიმულირებას შეუწყობს ხელს.
როგორ გამოვლინდებიან და რა პრიზებს მიიღებენ გამარჯვებულები
კამპანიის 2-თვიან ვადაში შექმნილი კონტენტი სოციალურ ქსელებში უნდა განათავსო და ჰეშთეგი — #გამომყევიაჭარაში დაურთო.
მონაწილეებმა თითო ღირსშესანიშნაობასთან დაკავშირებული მინიმუმ 1 პოსტი უნდა განათავსონ. შესაბამისად, თითოეულ მონაწილეს მინიმუმ 7 პოსტის მომზადება მოუწევს. სასიხარულო ამბავი კი ისაა, რომ პოსტების მაქსიმალური რაოდენობა განსაზღვრული არ არის და მონაწილეებს არაერთი კონტენტის მომზადებით გამარჯვების შანსების გაზრდა შეუძლიათ. გამარჯვებული კი მიღწეული წვდომის მიხედვით გამოვლინდება: გამოქვეყნებული პოსტების მინიმალური წვდომა (reach) 10 მილიონი უნდა იყოს. კონკურსის გამარჯვებული პროექტის მთავარ პრიზს — 100 ათას ლარს მოიგებს.
გარდა ამისა, ფულად საჩუქრებსა და პრიზებს პირველ ხუთეულში მოხვედრილი მონაწილეებიც მიიღებენ: მაქსიმალური წვდომების მქონე ხუთეულის წევრები 20 ათასი ლარით დაჯილდოვდებიან.
იმოგზაურე აჭარაში, აღმოაჩინე რეგიონის გასაოცარი ადგილები, გაუზიარე გამომწერებს და მოიგე პრიზი. კონკურსის შედეგების გაგზავნის ბოლო ვადა 16 ოქტომბრის 23:00 საათია. კამპანიის შემაჯამებელი ღონისძიება ოქტომბერში გაიმართება, რომელზეც გამარჯვებულებს გამოავლენენ და დააჯილდოებენ.
კომენტარები