ახალმა ქიმიოთერაპიამ ცხოველებში მყარი სიმსივნეები გაანადგურა
აშშ-ის ონკოლოგიური კვლევების უდიდეს ორგანიზაციაში City of Hope მომუშავე მეცნიერებმა ცხოველებზე ახალი ქიმიოთერაპია გამოცადეს, რომელმაც მყარი სიმსივნეები გაანადგურა. მათ ამისთვის სპეციალური ცილა უჯრედის ბირთვული ანტიგენის პროლიფერაციისთვის (PCNA) გამოიყენეს, რომელიც გადაგვარებული სახით კიბოს გავრცელებაში მონაწილე ცილათა კომპლექსი გახლავთ.
ახალ პრეპარატს AOH1996 ჰქვია და ის მიზანში PCNA-ის სიმსივნურ ვარიანტს იღებს. დაავადებულ ქსოვილებში ამ ცილების მუტაცია საშუალებას იძლევა, რომ მედიკამენტები კონკრეტულად მათ გასანადგურებლად მივმართოთ. ამან ცხოველთა მოდელებში წარმატებით იმუშავა, ახლა კი მკვლევრებს სურთ, ეს თერაპია ადამიანებზეც გამოცადონ.
"შედეგები დამაიმედებელია. AOH1996-ს შეუძლია, სიმსივნის ზრდას მონოთერაპიის ან კომბინაციური მკურნალობის სახით უჯრედებსა თუ ცხოველურ მოდელებში მომწამლავი ეფექტის გარეშე შეეწინააღმდეგოს", — აცხადებენ ავტორები.
მათი თქმით, აქამდე სიმსივნის 70 უჯრედულ ხაზსა და უჯრედთა კონტროლ ჯგუფზე ჩატარებულმა ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ AOH1996 კონკრეტულად მავნე ქსოვილებს უტევს. ამას ის უჯრედთა ნორმალური რეპროდუქციული ციკლის დარღვევით ახერხებს.
"აქამდე PCNA-ის თერაპიულ გამოყენებაზე არავის უფიქრია, რადგან მიიჩნეოდა, რომ პრეპარატებით მისი განადგურება შეუძლებელი იყო. ამის მიუხედავად City of Hope-მა შექმნა ექსპერიმენტული მედიკამენტი, რომლითაც ამ ცილას მიზანში ვიღებთ.
აღმოვაჩინეთ, რომ PCNA სიმსივნურ უჯრედებში ნუკლეინის მჟავის მომატებული რეპლიკაციის ცდომილების ერთ-ერთი პოტენციური მიზეზია. ახლა, როცა პრობლემური არეალი გამოვავლინეთ და მისი შეკავება შევძელით, მას უფრო ღრმად გამოვიკვლევთ, რათა პროცესი უკეთ გავაანალიზოთ და სიმსივნის საწინააღმდეგო პერსონალიზებული მედიკამენტები შევქმნათ", — ამბობენ მეცნიერები.
ავტორთა ნაშრომი გამოცემაში The Cell Chemical Biology გამოქვეყნდა.
კომენტარები