NASA: ვოიაჯერ 2-ის "გულისცემა" გავიგეთ — 20 მილიარდი კილომეტრით დაშორებული ზონდი კვლავ ფუნქციურია
ცოტა ხნის წინ ვოიაჯერ 2-თან შემთხვევით კონტაქტი შეწყდა. ეს მეორე ყველაზე შორეული კოსმოსური ზონდია, რაც კი ოდესმე შეგვიქმნია და NASA-ს ცნობით, მისგან მომავალი სიგნალი დაფიქსირდა.
ვოიაჯერ 2 ამ მომენტისთვის ჩვენგან 20 მილიარდი კილომეტრითაა დაშორებული. NASA-ს რეაქტიული ძრავების ლაბორატორიის განცხადებით, კავშირის დაკარგვამდე ინჟინრებმა კოსმოსურ ხომალდს დაავალეს, ანტენა დედამიწიდან 2 გრადუსით გადაეხარა. ბრძანების შემდეგ მასთან კონტაქტი (მონაცემთა მიმოცვლა) დაიკარგა, ახლა კი ცნობილი გახდა, რომ NASA-ში, Deep Space Network-ის დახმარებით, ვოიაჯერ 2-ის "გულისცემის სიგნალი" დააფიქსირეს. ეს ნიშნავს, რომ კოსმოსური ზონდი, რომელიც სამყაროს 1977 წლიდან იკვლევს, ჯერ კიდევ ფუნქციურია.
ვოიაჯერ 2 დაპროგრამებულია ისე, რომ ორიენტაცია წელიწადში რამდენჯერმე შეიცვალოს. ეს იმისათვის, რომ მისი ანტენა დედამიწისკენ იყოს მომართული (კავშირის შესანარჩუნებლად). შემდეგი ცვლილება 15 ოქტომბერს მოხდება, რაც, NASA-ს თქმით, შორეულ ზონდთან კომუნიკაციას სრულყოფილად აღადგენს.
უნდა ითქვას, რომ შორეულ კოსმოსში სხვა ზონდიც აგროვებს ინფორმაციას. ეს ვოიაჯერ 1-ია, რომელიც ვოიაჯერ 2-მდე 15 დღით ადრე გაუშვეს. 45 წლიანი მოგზაურობის შემდეგაც, ის კვლავ ფორმაშია და მონაცემების შეგროვებას განაგრძობს.
კომენტარები