OceanGate-ის თანადამფუძნებელი ვენერაზე 1 000 ადამიანის გაგზავნას გეგმავს
OceanGate Titan, წყალქვეშა ნავი, რომელსაც ტურისტები ჩაძირული ტიტანიკის ნამსხვრევების დასათვალიერებლად მიჰყავდა, ატლანტის ოკეანეში 18 ივნისს გაუჩინარდა. მაშველები დაკარგულებს დიდხანს ეძებდნენ, თუმცა აღმოჩნდა, რომ ისინი დაიღუპნენ.
ასევე: რა უნდა ვიცოდეთ OceanGate-ზე, კომპანიაზე, რომელმაც სარისკო ტურიზმი შემოსავლის წყაროდ აქცია
მიუხედავად ამისა, Insider-თან ინტერვიუში გილერმო სონლაინმა განაცხადა, რომ გაცილებით დიდი გეგმები აქვს. მას 2050 წლისთვის ვენერას ატმოსფეროში 1 000 ადამიანის გაგზავნა უნდა. სონლაინის თქმით, თუ რამდენიმე ათწლეულში ვენერაზე ადამიანებს ვიხილავთ, ეს არ უნდა გაგვიკვირდეს.
"ვფიქრობ, ეს ბევრად უფრო რეალურია, ვიდრე 2050 წლისთვის მარსზე მილიონი ადამიანის გადაყვანა", — თქვა სონლაინმა.
ვენერა მზის სისტემის ყველაზე ცხელი პლანეტაა და ის ჩვენთვის სტუმართმოყვარეობით ნაკლებად გამოირჩევა. და მაინც, სონლაინი ამბობს, რომ არსებობს კვლევა, რის მიხედვითაც, ვენერას ზედაპირიდან 48 კილომეტრში ადამიანებს არსებობა შეუძლიათ.
ადამიანი ვენერაზე თუ?
სონლაინს მიაჩნია, რომ თუ კოსმოსური სადგური ვენერას ღრუბლებში არსებულ გოგირდმჟავას გაუძლებს, ეს გამარჯვება იქნება. გამრჯვებაში ბუნებრივია ის იგულისხმება, რომ ასეთ კოსმოსურ სადგურზე ადამიანები იცხოვრებენ.
ვენერაზე ადამიანის გაგზავნა საინტერესოა, თუმცა მეორე საკითხია, სონლაინის განცხადების "აქტუალურობა". შეგახსენებთ, რომ მისი კომპანია ახლა ყურადღების ეპიცენტრშია და ეს მის იმიჯზე დადებითად სულაც არ მოქმედებს. წყალქვეშა ნავის დაღუპვას, ოთხ სხვა მგზავრთან ერთად, კომპანიის მეორე დამფუძნებელი, სტოკ რაშიც ემსხვერპლა.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, წყალქვეშა ნავი 18 ივნისს გაუჩინარდა. ოთხდღიანი სამძებრო-სამაშველო ოპერაციების შემდეგ კი, აშშ-ს სანაპირო დაცვამ გამოაცხადა, რომ ნავის ნამსხვრევებს მიაგნეს და ბორტზე მყოფი პირები აფეთქების შედეგად დაიღუპნენ.
მიუხედავად ამ ყველაფრისა, Insider-თან ინტერვიუში სონლაინმა თქვა, რომ Titan-ის ტრაგედიამ კვლევებზე ცუდად არ უნდა იმოქმედოს.
კომენტარები