რომელია ჩვენამდე მოღწეული უძველესი დამწერლობა?
ოდესმე დაინტერესებულხართ, რომელია ჩვენამდე მოღწეული უძველესი წერილობითი ტექსტი? ვიდრე კითხვას უშუალოდ ვუპასუხებდეთ, მოდით, დამწერლობის ევოლუციის საფეხურებს მივყვეთ.
დამწერლობის ევოლუცია
ვიზუალური კომუნიკაციის უძველესი ფორმები შემონახულია გამოქვაბულებში. გამოქვაბულის ნახატები კომუნიკაციის გზაა, რომელსაც უძველესი ადამიანები კონკრეტული მოვლენების, გამოცდილებებისა და საგნების აღსაწერად იყენებდნენ. თუმცა ისინი კონკრეტულ ლინგვისტურ შეტყობინებას არ წარმოადგენს, ამიტომ უფრო ხშირად ფერწერის ისტორიის ნაწილად განიხილავენ ხოლმე.
მაგრამ თუკი ზოგიერთი სურათი თანმიმდევრულად ატარებს გარკვეულ მნიშვნელობას, მაშინ ისინი იქცევა პიქტოგრამებად. მანამ, სანამ ადამიანებს ესმით, რას გულისხმობს თითოეული სურათი და შეუძლიათ მათი გამოყენება იმავე მიზნით, ისინი ფუნქციონირებენ როგორც კომუნიკაციის ფორმა. მაგალითად, დღეს დანა-ჩანგლის გამოსახულება რესტორანზე მიუთითებს, თვითმფრინავის სურათი — აეროპორტზე და ა.შ.
ეს გამოსახულებები მიემართება სამყაროში არსებულ ნივთებს ან დისკრეტულია ბუნებით, მაგრამ თუკი მზის გამოსახულება ვითარდება და იწყებს ისეთი ცნებების გამოხატვას, როგორებიცაა: სითბო, სინათლე და დღე — მაშინ ის იდეოგრამად იქცევა. იდეოგრამები ასახავს აბსტრაქტულ ცნებებს, რომლებიც ყოველთვის არ გვხვდება რეალურ სამყაროში. პიქტოგრამებიცა და იდეოგრამებიც, როგორც წესი, თავისუფალია ენობრივი შეზღუდვებისგან. იმისდა მიუხედავად, საუბრობთ ფრანგულად, ინგლისურად, იაპონურად თუ ქართულად, მზის სიმბოლო წარმოადგენს ერთსა და იმავე მზეს.
ითვლება, რომ ბევრი უძველესი ენა დაიწყო მარტივი პიქტოგრამებით ან იდეოგრამებით, რომლებსაც საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ. ეგვიპტური იეროგლიფები და ჩინური დამწერლობა შეიცავს პიქტოგრამებს, რომლებიც უფრო აბსტრაქტულ მნიშვნელობებში გადაიზარდა. მას შემდეგ, რაც სიმბოლო საკმარისად დაშორდება ფიზიკურ ნივთს, უფრო ადვილია ენაში არსებულ სიტყვად აღქმა. და როდესაც სიმბოლოები გამოიყენება ენაში კონკრეტული სიტყვების წარმოსაჩენად, მაშინ ისინი იქცევა ლოგოგრამებად. ლოგოგრამები ქმნის მრავალი უძველესი ნამდვილი დამწერლობის სისტემის საფუძველს, მათ შორის, ახლო აღმოსავლეთში, ჩინეთსა და ცენტრალურ ამერიკაში.
პირველი დამწერლობა
მაშ ასე, მივადექით ჭეშმარიტ დამწერლობასაც, რომლის ყველაზე ადრეული დადასტურებული ფორმა ჩაწერილია კირქვის ფირფიტაზე და თარიღდება, დაახლოებით, ძვ.წ. 3500 წლით. ფირფიტა აღმოაჩინეს უძველესი შუმერული ქალაქის, კიშის, ადგილზე, რომელიც მდებარეობს თანამედროვე ერაყში. მის ზედაპირზე გამოსახული დამწერლობა წმინდად პიქტოგრაფიულია და წარმოადგენს შუა წერტილს ლურსმული დამწერლობის პროტომწერლობასა და უფრო დახვეწილ მარცვლოვან დამწერლობას შორის. ეს გასაოცარი ობიექტი, სავარაუდოდ, საუკუნეებით უსწრებს ეგვიპტურ იეროგლიფებს და, როგორც ჩანს, არის უძველესი აღიარებული და გასაშიფრი წერილობითი სისტემა, რომელიც გამოიყენებოდა ადამიანების მიერ.
ლურსმული დამწერლობა იყო ყველაზე გავრცელებული და ისტორიულად მნიშვნელოვანი წერილობითი სისტემა ძველ ახლო აღმოსავლეთში და მას იყენებდა მრავალი და განსხვავებული კულტურა, მათ შორის, ასურელები, აქადელები და ბაბილონელები — რომლებსაც ჰქონდათ საკუთარი სალაპარაკო ენები. დამწერლობის ეს სისტემა, დაახლოებით, 3 000 წლის განმავლობაში გამოიყენებოდა.
კომენტარები