მალე NASA საკუთარ სტრიმინგ პლატფორმას აამოქმედებს — NASA+
აშშ-ის კოსმოსური სააგენტო საკუთარ სტრიმინგ პლატფორმას — NASA+ აამოქმედებს. ეს, სავარაუდოდ, მიმდინარე ზაფხულის განმავლობაში მოხდება. გამომდინარე იქიდან, რომ NASA ხშირად გადმოსცემს საკუთარ ვებგვერდზე მისიებსა თუ სხვა ტიპის ღონისძიებებს პირდაპირ ეთერში, ეს ლოგიკური ნაბიჯია.
NASA+ მოიცავს არა მხოლოდ პირდაპირ ეთერებს, არამედ ორიგინალური ვიდეოსერიების კოლექციებსაც. რაც ყველაზე გასახარია, პლატფორმა უფასო იქნება და ამასთან, მასზე ვიდეოების ყურებისას რეკლამებიც არ შეგვაფერხებს. მოკლედ, ეს ადგილია, რომელსაც NASA-ს კოსმოსური მისიებისა თუ სიახლეების შესახებ ინფორმაციის მისაღებად უნდა მიაშუროთ.
სტრიმინგ სერვისი სააგენტოს iOS და Android აპლიკაციებით იქნება ხელმისაწვდომი, ისევე, როგორც დესკტოპ ვერსიის სახით და მედიაპლეერების: Roku, Apple TV და Fire TV გავლით.
NASA+-ის გარდა სააგენტო ვებგვერდისა და აპლიკაციის ახლებურ გამოცდილებაზეც მუშაობს იმისათვის, რომ მიმდინარე მისიების, კვლევითი პროექტებისა და სიახლეების უმჯობესი კონსოლიდაცია შეძლოს. უნდა ითქვას, რომ NASA-ს რამდენიმე ვებგვერდი აქვს სხვადასხვა პროგრამისთვის, სწორედ ამიტომ ახალი გამოცდილება რამდენიმე რესურსს ერთ სივრცეში მოუყრის თავს. გაუმჯობესდება ვებგვერდზე ნავიგაციის შესაძლებლობა და NASA-ს ვებგვერდებს შორის ინფორმაციის ხელმისაწვდომობაც. ბეტა ვერსიის გამოცდა უკვე შეგიძლიათ, თუმცა უნდა გაითვალისწინოთ, რომ სააგენტო გაახლებული ვერსიის სრულფასოვან გაშვებამდე მეტი ბიბლიოთეკისა და ვებგვერდის ინტეგრირებას გეგმავს.
კომენტარები