სამხრეთ ამერიკის სანაპიროებზე ათასობით მკვდარი პინგვინი გამოირიყა — რა ხდება
ივლისში ურუგვაის სანაპიროებზე, დაახლოებით, 2 000 მკვდარი მაგელანის პინგვინი გამოირიყა. მათ ცარიელი კუჭები და "უაღრესად გამხდარი" სხეულები ჰქონდათ.
მასობრივი დაღუპვის მიზეზი ჯერ კიდევ უცნობია, მაგრამ მეცნიერები ფიქრობენ, რომ კლიმატის ექსტრემალური ცვლილებები ხელს უწყობს სახეობების სწრაფ შემცირებას.
2004 წლიდან მოყოლებული ექსპერტები მაგელანის პინგვინებს (Spheniscus magellanicus) გადაშენების "ახლო საფრთხის წინაშე" მყოფებად მიიჩნევენ და ბოლო 30 წლის განმავლობაში, სამხრეთ ამერიკის აღმოსავლეთ სანაპიროებზე ჩვეულებად იქცა მათი მკვდარი სხეულების აღმოჩენა.
მაგალითად, 2010 წელს ბრაზილიის პლაჟებზე 550-ზე მეტი პინგვინი შიმშილით დაიღუპა. ორი წლის შემდეგ კი კიდევ 745 მკვდარი პინგვინის სხეული გამოირიყა.
საინტერესოა, რომ ეს მასობრივი დაღუპვები სულაც არ ხდება ერთი და იმავე მიზეზით.
ზოგიერთ წელს მთავარი საფრთხე შეიძლება იყოს ტემპერატურის მატება — ისევე როგორც 2019 წელს, როდესაც არგენტინაში 354 პინგვინი მოკვდა ექსტრემალური სიცხის ტალღისგან.
სხვა წლებში მთავარი მიზეზი შეიძლება უკავშირდებოდეს ჰიპოთერმიას, შტორმს ან შიმშილს.
ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ სად იმყოფებიან პინგვინები მიგრაციის დროს.
ზაფხულის უმეტეს ნაწილს მაგელანის პინგვინები სამხრეთ არგენტინაში ატარებენ, თუმცა ზამთარში ისინი გეზს ჩრდილოეთით იღებენ საკვებისა და თბილი წყლის მოსაძებნად. იშვიათობას არ წარმოადგენს ის, რომ ზოგიერთი მოზარდი პინგვინი მოგზაურობის დროს კვდება, მაგრამ ბოლო დროს დაღუპულთა რიცხვი კონტროლს აღარ ექვემდებარება.
წელს, ექსპერტების ვარაუდით, სუბტროპიკულმა ციკლონმა ურუგვაის სანაპიროზე შეიძლება კიდევ უფრო დაასუსტა ისედაც მშიერი პოპულაცია. სხვა ზღვის ფრინველები, კუები და სელაპები ასევე გამოირიყნენ ურუგვაის სანაპიროებზე.
ურუგვაის პლაჟებზე მიმოფანტულ მკვდარ ფრინველებს ფრინველის გრიპი არ აღმოაჩნდათ, მაგრამ მათი კუჭები დღეების განმავლობაში ცარიელი იყო, ხოლო ბუმბულში გამოვლინდა გასაოცარი ნაკლებობა ცხიმისა, რომელიც იგერიებს წყალს და იცავს ფრინველებს ცივი ტემპერატურისგან. ამ სასიკვდილო ფაქტორების რაოდენობა, შესაძლოა, მეტისმეტი აღმოჩნდა ახალგაზრდა პინგვინებისთვის.
მეცნიერებმა უკვე იცოდნენ, რომ მაგელანის პინგვინებს 1990-იანი წლებიდან უჭირდათ თავის გამოკვება. ამის მთავარ საკვანძო მიზეზებს კი წარმოადგენს გადაჭარბებული თევზაობა და კლიმატის ცვლილება, რომელიც ოკეანეში საკვების გადანაწილებაზე ახდენს გავლენას. და თუკი რაიმე არ შეიცვალა, ამ სახეობების მასობრივი სიკვდილი ჩვეულებრივი, ყოველწლიური მოვლენა გახდება.
კომენტარები