Facebook-ს ყოველთვიურად 3 მილიარდზე მეტი აქტიური მომხმარებელი ჰყავს
Meta-ს ბოლო კვარტალური ანგარიშის მიხედვით, Facebook-ს ყოველთვიურად 3 მილიარდზე მეტი აქტიური მომხმარებელი ჰყავს. ეს საკმაოდ განსაცვიფრებელი რიცხვია, თანაც, იმის გათვალისწინებით, რომ ახალგაზრდებში ფეისბუქის პოპულარობა შემცირდა.
მეტას აპლიკაციების მთელ ოჯახს — რომელიც მოიცავს WhatsApp-ს, Instagram-ს, Messenger-სა და ახლა უკვე Threads-ს — ყოველთვიურად 3,88 მილიარდი აქტიური მომხმარებელი ჰყავს. ეს მსოფლიო მოსახლეობის, თითქმის, ნახევარია!
გარდა ამისა, მეტასა და მისი ინვესტორების სასიხარულოდ, ფეისბუქის ყოველდღიური აქტიური მომხმარებლებიც აგრძელებენ ზრდას. ფეისბუქს ყოველდღიურად 2,064 მილიარდი აქტიური მომხმარებელი ჰყავს, ხოლო, წინა კვარტლის მონაცემებით — 2,037 მილიარდი. ეს ზრდა გადამწყვეტი მნიშვნელობისაა, რადგან 2021 წლის ბოლო კვარტალში კომპანიამ ყოველდღიური აქტიური მომხმარებლების პირველი კვარტალური კლება გამოაცხადა.
ეს ზრდა, შესაძლოა, ნაწილობრივ, გამოწვეული იყოს Reels-ით, TikTok-ის მსგავსი ფუნქციით, რომელიც, მეტას აღმასრულებელი დირექტორის, მარკ ცუკერბერგის, თქმით, დღეში 200 მილიარდჯერ ირთვება.
ახალი, ტექსტზე დაფუძნებული სოციალური პლატფორმა, Threads, რომელიც ინსტაგრამთანაა დაკავშირებული, ცუკერბერგის თქმით, ასევე საკმაოდ კარგად მუშაობს.
Threads-მა ჩაშვებიდან ხუთი დღის განმავლობაში 100 მილიონ მომხმარებელს მიაღწია. ბუნებრივია, ყველა ეს ადამიანი თრედსის თავგამოდებული მომხმარებელი არ გახდება, მაგრამ, როგორც ცუკერბერგის მიერ გასულ კვირას გამოქვეყნებულ პოსტში ვკითხულობთ, "კომპანიას ყოველდღიურად 10 მილიონი მომხმარებელი უბრუნდება", რაც საკმაოდ შთამბეჭდავია.
კომენტარები