ბოლო 24 წელში პირველად, NASA-მ საერთაშორისო კოსმოსურ სადგურთან კავშირი დაკარგა
ჰიუსტონ, პრობლემა გვაქვს!
25 ივლისს NASA-მ დედამიწის გარშემო მოძრავ საერთაშორისო კოსმოსურ სადგურთან (ISS) კავშირი დროებით დაკარგა, რაც აქამდე არასდროს მომხდარა. ხარვეზი ხმელეთზე, ჯონსონის სახელობის კოსმოსურ ცენტრში დაფიქსირდა, რის გამოც სპეციალისტებს ასტრონავტთა გაფრთხილება რუსეთის საკომუნიკაციო სისტემის დახმარებით მოუწიათ.
რა თქმა უნდა, ორბიტაზე მყოფი ეკიპაჟი ისეთ იზოლაციაში არ აღმოჩენილა, როგორშიც მაიკლ კოლინსი მაშინ, როცა ნილ არმსტრონგი და ბაზ ოლდრინი მთვარეზე გადაადგილდებოდნენ. ამ დროს ის მოდულში მარტო დარჩა და დედამიწასთან კავშირის დამყარება არ შეეძლო.
ამისგან განსხვავებით, სადგურზე ახლა 7 ასტრონავტი იმყოფებოდა, სიჩუმემ კი სულ რაღაც 20 წუთს გასტანა.
აღსანიშნავია, რომ რუსეთი, რომლის მეშვეობითაც აშშ-ის კოსმოსური სააგენტო ხარვეზისას თავის ასტრონავტებთან კონტაქტზე გავიდა, 2024 წლის შემდეგ საერთაშორისო კოსმოსური სადგურის დატოვებას აპირებს. კონკრეტულად როდის მოხდება ეს, ჯერჯერობით უცნობია.
"პრობლემა სადგურზე არ ყოფილა, ის ხმელეთზე დაფიქსირდა. ეკიპაჟი და ხომალდი საფრთხის წინაშე არ აღმოჩენილა", — განაცხადა ISS-ის პროგრამის მენეჯერმა, ჯოელ მონტალბანომ.
ჰიუსტონსა და სადგურს შორის კავშირი სრულად 90 წუთის ფარგლებში აღდგა, რისთვისაც სათადარიგო სისტემები გამოიყენეს. ამჟამად საკომუნიკაციო არხები მწყობრშია და გამართულად მუშაობას განაგრძობს.
კომენტარები