ოკლაჰომაში დაიჭირეს თევზი, რომელსაც ადამიანის მსგავსი კბილები აქვს
მედიისა და საზოგადოების ყურადღების ცენტრში პაკუს ჯგუფში შემავალი თევზი კიდევ ერთხელ მოექცა. საქმე ისაა, რომ მას ადამიანის მსგავსი კბილები აქვს, ამიტომ ყოველ ჯერზე, როცა ამ არსებებს იჭერენ, გაოცებულები რჩებიან.
სწორედ ასე მოხდა აშშ-ის ოკლაჰომის შტატში, სადაც 11 წლის ბიჭი, სახელად ჩარლი, საკუთარი სახლთან ახლოს მდებარე ტბორში მსგავს თევზს გადააწყდა.
"სამეზობლოში არსებულ ტბორში მხოლოდ ქორჭილას ან ლოქოს ვიჭერთ. იქ ადამიანის მაგვარი კბილების მქონე არსებას არ ველოდით", — ამბობს ჩარლის დედა, ჟანა კლინტონი.
პაკუ მტკნარი წყლის თევზების ჯგუფს ეწოდება, რომლებიც სამხრეთ ამერიკაშია გავრცელებული და რამდენიმე სახეობას აერთიანებს. ისინი პირანიებს ენათესავებიან, თუმცა წყლის ბინადრების კვალობაზე, ძალიან უჩვეულო კბილები აქვთ.
ფიქრობენ, რომ ბიჭის მიერ ნაპოვნი თევზი სახლში ჰყავდათ, თუმცა როცა ისე გაიზარდა, რომ აკვარიუმში აღარ ეტეოდა, ტბორში გაუშვეს. ასეთი რამ ძალიან ხშირად ხდება, ამიტომ გასაკვირი არაა. სათანადო რესურსისა და სივრცის ქონის შემთხვევაში, პაკუს წონამ შესაძლოა, 20 კილოგრამს მიაღწიოს, ზომამ კი 1 მეტრს.
ამის მიუხედავად, აღნიშნული თევზებისა და მათი კბილების არ უნდა შეგვეშინდეს, რადგან ისინი მცენარეებით იკვებებიან. ადამიანის მსგავს კბილებს ისინი სწორედ ხილის თესლის დასაღეჭად იყენებენ. ასეთი წანაზარდები სხვა სახეობებშიც გვხვდება, რომლებიც მათი მეშვეობით, მაგალითად, მოლუსკების ნიჟარებს ანაწევრებენ.
რაც შეეხება ჩარლის მიერ დაჭერილ თევზს, ის ისევ წყალში გაუშვეს.
კომენტარები