ორმო, რომელშიც 2013 წელს კაცი გაუჩინარდა, ხელახლა გაიხსნა
2013 წელს აშშ-ის ფლორიდის შტატში მდებარე სეფნერის დასახლებაში მოულოდნელად მიწა ჩაინგრა და თან 37 წლის ჯეფ ბუშიც ჩაიყოლა. ამ ტრაგიკული მოვლენის შემდეგ ღრმული ამოავსეს და შემოღობეს, თუმცა ახლახან ის კიდევ ერთხელ გაიხსნა, რაც ბოლო 10 წელში მესამე ასეთი შემთხვევაა.
მედიის ცნობით, სამაშველო სამსახური მოსახლეობამ ორშაბათს, ადგილობრივი დროით 16:30 საათზე გამოიძახა. მომდევნო დღეს ადგილზე ინჟინრები მივიდნენ, რათა სიტუაცია შეეფასებინათ, მიმდებარე არეალში მცხოვრებ ადამიანებს კი სახლებში დარჩენის უფლება მისცეს.
"საფრთხე გარშემო არსებულ არცერთ სახლს ემუქრება. ეს აქ იშვიათობა არაა", —განაცხადა ჯონ-პოლ ლავანდეირამ, ადგილობრივი კანონდამცავი დეპარტამენტის დირექტორმა.
ფლორიდაში ასეთი ღრმულები ხშირად ჩნდება, რადგან ამ ტერიტორიაზე კირქვის ფოროვანი ქანებია. როცა სუსტ ადგილებში თიხა და წყალი გროვდება, კირქვა წონას ვეღარ უძლებს და ინგრევა. ამ პროცესის შედეგად სეფნერში ფორმირებული ორმო 6 მეტრი სიგანისაა, ანუ მსგავსი წარმონაქმნის კვალობაზე საკმაოდ მცირე ზომაა. ამის მიუხედავად, მან ერთი კაცის სიცოცხლე იმსხვერპლა.
სპეციალისტები ღრმულის ამოვსებას 150 ტონა ხრეშითა და წყლით გეგმავენ, რასაც დაახლოებით 2-3 დღე დასჭირდება. ამჟამად ორმოს გარშემო ორი ღობეა შემოვლებული.
კომენტარები