მეცნიერებმა თაგვების სხეული "გამჭვირვალე" გახადეს — სკანირების ახალი მეთოდი
მეცნიერებმა ცხოველთა ორგანიზმის სკანირების ინოვაციური მეთოდი შეიმუშავეს, რომელიც მათი სხეულის "გამჭვირვალედ" გადაქცევას გულისხმობს. კვლევის ფარგლებში სპეციალისტებმა მღრღნელების შინაგანი ორგანოები და ქსოვილები მარტივად დაათვალიერეს, რისთვისაც ფლუორესცენციური მოლეკულები გამოიყენეს.
ცხოველთა მოდელები სხვადასხვა დაავადების საწინააღმდეგო მედიკამენტების შესაქმნელად უმნიშვნელოვანესია, მათ შორისაა სიმსივნისთვის განკუთვნილი პრეპარატები. სანამ ისინი ადამიანებამდე მივა, ხშირად სწორედ თაგვებზე იცდება, რისი საშუალებითაც მათი უსაფრთხოება და ეფექტიანობა მოწმდება.
სკანირების ახალი მეთოდი, სახელად wildDISCO, ცხოველთა მოდელების გაუმჯობესებას გვპირდება. პირველ რიგში, ის სათანადო ქიმიური ნივთიერებების მეშვეობით მკვდარი თაგვების სხეულიდან ცხიმისა და პიგმენტის მოშორებას გულისხმობს, რათა ისინი "გამჭვირვალე" გახდეს. შემდეგ მათ ორგანიზმში ფლუორესცენციური მოლეკულების შემცველი ანტისხეულები შეჰყავთ. ამგვარ ნათებას სკანერი აფიქსირებს და მაღალი გარჩევადობის სამგანზომილებიან გამოსახულებას ადგენს.
ეს სიმსივნის დიაგნოსტირებისა და მკურნალობის ახალ გზას გვთავაზობს. ტექნოლოგიები, რომელთაც დღესდღეობით კიბოს ქსოვილის დასაფიქსირებლად ვიყენებთ, მცირე ზომის წარმონაქმნების აღმოსაჩენად ეფექტიანი არაა. მიიჩნევა, რომ სიმსივნის ხელახლა გამოჩენის მიზეზი სწორედ ესაა, რადგან პატარა დაავადებული არეალები შეუმჩნეველი რჩება.
WildDISCO ამ მხრივ იმედის მომცემია, რადგან მისი მეშვეობით მავნე უჯრედთა უმცირესი შეჯგუფებებიც კი დაკვირვებადია. ეს სიმსივნის გავრცელების შესწავლაში და ახალი თერაპიების შექმნაშიც დაგვეხმარება
ავტორთა ნაშრომი გამოცემაში Nature Biotechnology გამოქვეყნდა.
კომენტარები