თმიანი ენის სინდრომი — რატომ ამოუვიდა 64 წლის მწეველ კაცს ენაზე მომწვანო წანაზარდები
სამედიცინო ჟურნალმა The New England Journal of Medicine ახლახან საკმაოდ შემაძრწუნებელი სურათი გამოაქვეყნა, რომელზეც აშშ-ის ოჰაიოს შტატში მცხოვრები 64 წლის კაცის თმიანი ენაა ნაჩვენები. ეს ზუსტად ისეთივე საშინელი შესახედია, როგორიც წარმოსადგენი, მაგრამ აბსოლუტურად რეალურია, თანაც ამ წანაზარდებს მომწვანო შეფერილობა აქვს.
ეს მდგომარეობა თმიანი ენის სინდრომის სახელითაა ცნობილი და ის პაციენტს რამდენიმე კვირის განმავლობაში აწუხებდა. საბოლოოდ, ის დიაგნოზის დასმის შემდგომი სათანადო მკურნალობის შედეგად გამოჯანმრთელდა.
აღნიშნული სინდრომი ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიში არაა და დროებითია. ის მაშინ იჩენს თავს, როცა ენის ხაოიან ზედაპირზე კანის მკვდარი უჯრედები გროვდება. ეს წანაზარდები შესაძლოა ბაქტერიით, სოკოთი, თამბაქოთი, საკვებით ან სხვა რამით დაბინძურდეს და მოყავისფრო, მომწვანო, მოყვითალო ან თეთრი შეფერილობა მიიღოს.
მსგავს მდგომარეობას, როგორც წესი, სიგარეტის მოხმარება, ყავის ან შავი ჩაის დიდი ოდენობით მიღება, კონკრეტული მედიკამენტები და ორალური ჰიგიენის დაუცველობა იწვევს.
ზემოხსენებული პაციენტი მწეველია, თანაც ის უჩვეულო სიმპტომის გამოვლენამდე ღრძილების ინფექციის საწინააღმდეგო ანტიბიოტიკებს იღებდა. პრობლემის მოსაგვარებლად ექიმებმა მას ენის რეგულარულად გახეხვა და მოწევისგან თავის შეკავება ურჩიეს. კაცმა პირველი პუნქტი შეასრულა, მეორე კი — ვერა. 6 თვეში მისი ენა ჩვეულ მდგომარეობას დაუბრუნდა.
როგორც ცნობილია, თმიანი ენის სინდრომი პოპულაციის 13 პროცენტში ფიქსირდება. ის ნებისმიერ ასაკში შეიძლება გამოვლინდეს, თუმცა შედარებით ასაკოვან ინდივიდებში უფრო ხშირია.
კომენტარები