ახალი კვლევის მიხედვით, მარსის კლიმატი 400 000 წლის წინ რადიკალურად შეიცვალა
ჩინეთის მიერ მარსის შესასწავლად გაშვებულმა მავალმა Zhurong წითელ პლანეტაზე მიაგნო წარმონაქმნებს, რომლებიც მიანიშნებს, რომ იქ კლიმატი 400 000 წლის წინ რადიკალურად შეიცვალა. კერძოდ, ესაა მუქი ქედები, რომლებიც უტოპიის დაბლობზე მდებარე შედარებით ღია შეფერილობის დიუნების ზემოდანაა განლაგებული.
რკალის ფორმის დიუნები ასობით ათასი წლის განმავლობაში მიმდინარე ეროზიული პროცესების შედეგია, თუმცა მათ თავზე არსებული ე.წ. გრძივი ეოლური ქედები სხვაგვარი კუთხითაა ფორმირებული და ქარის მიმართულებას არ ემთხვევა. შესაბამისად, აქამდე უცნობი იყო, როგორ წარმოიქმნა ისინი.
სპეციალისტებმა მისია Tianwen-1-ის ფარგლებში მარსზე 2 262 ასეთი დიუნი გამოიკვლიეს და მათზე გაჩენილი კრატერების მიხედვით დაადგინეს, რომ ეს დიუნები 2.1 მილიონიდან 400 000 წლის წინანდელ პერიოდში უნდა წარმოქმნილიყო. შესაბამისად, ზემოხსენებული ქედები მხოლოდ ამის შემდეგ გაჩნდა, უკანასკნელ 400 000 წელში.
ეს წითელი პლანეტის ბოლო მასშტაბური გამყინვარების პერიოდის დასაწყისსა და დასასრულს ემთხვევა. ახალი მიგნება კი მიუთითებს, რომ აღნიშნული ეპოქის ბოლოს შუა განედების მიმდებარედ ქარის მიმართულება შეიცვალა.
მსგავსი მოვლენა პლანეტის ბრუნვის ღერძის გადანაცვლებას უკავშირდება, რაზეც გავლენას გარემომცველი ციური სხეულების გრავიტაცია და თავად ობიექტის ორბიტა ახდენს. ამას ციკლური სახე აქვს, დედამიწაზეც გვხვდება და კლიმატის ცვლილებას განაპირობებს. მაგალითად, 2.1 მილიონი-400 000 წლის წინ მარსის წარმოსახვითი ღერძის კუთხე 15-35 გრადუსამდე მერყეობდა და მაშინდელ ქაოსურ კლიმატს იწვევდა. ახლა ეს მაჩვენებელი დაახლოებით 25 გრადუსია.
ჩვენი მეზობელი ციური სხეულის ამჟამინდელ გეოლოგიურ ეპოქას ამაზონური ეწოდება და ის 3.55-1.88 მილიარდი წლის წინ დაიწყო. მისი შესწავლა უმნიშვნელოვანესია იმ ლანდშაფტისა თუ ატმოსფეროს ასახსნელად, რომელსაც იქ ახლა ვაკვირდებით. ასევე, ეს გამოსადეგია მარსის კლიმატისა და ევოლუციის შესასწავლად.
ავტორთა ახალი ნაშრომი გამოცემაში Nature გამოქვეყნდა.
კომენტარები