NEXT.On.ge-ის ჟურნალისტი, მარიამ რამაზაშვილი, მითების დეტექტორის ლაბორატორიის რეგიონული კონკურსის გამარჯვებული გახდა.

ესაა დოიჩე ველე აკადემიისა (DWA) და მედიის განვითარების ფონდის (MDF) ერთობლივი მედიაწიგნიერების პროგრამა, რომელმაც ქართველ სტუდენტებთან ერთად წელს პირველად უმასპინძლა სომეხ, აზერბაიჯანელ და უკრაინელ ახალგაზრდებს.

ჟიურიმ კონკურსის მონაწილეთა მიერ პროექტის ფარგლებში შექმნილი მულტიმედია ნაშრომები შეაფასა. მათი გადაწყვეტილებით, რეგიონული კონკურსის გამარჯვებული სწორედ მარიამ რამაზაშვილია, ნაშრომით: "AI ჰალუცინაციები და ჩატბოტთა ინფორმაციული საფრთხე".

სტატიას შეგიძლიათ, მოცემულ ბმულზე გაეცნოთ: https://mariami123587.wixsite.com

მითების დეტექტორის ლაბორატორია ფაქტების გადამოწმების პორტალ მითების დეტექტორის ბაზაზე 2017 წელს დაფუძნდა. MDF უკვე მეშვიდე წელია, წარმატებით ახორციელებს პროექტს, რომლის ფარგლებშიც მედიაწიგნიერების კურსი უკვე 200-ზე მეტმა ახალგაზრდამ გაიარა.

კურსი აქტიური სწავლების მეთოდით ხორციელდება და მისი მიზანია, ახალგაზრდებს კრიტიკული აზროვნებისა და OSINT-ის მეშვეობით ყალბი ინფორმაციის/ვიზუალის გადამოწმების უნარები განუვითაროს. კურსი, თეორიულ ცოდნასთან ერთად, მითების დეტექტორის რედაქციაში სტაჟირებასაც ითვალისწინებს.

სტაჟირების ფარგლებში 2017-2022 წლებში სტუდენტებმა 500-ზე მეტი მასალა მოამზადეს, მათი ნაწილი EUvsDisinfo-სა და პოინტერის ინსტიტუტის, ასევე, კორონავირუსის ფაქტების ალიანსის პლატფორმებზეც გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.