ინოვაცია: ამ ხელოვნურ ინტელექტს ემოციების ამოცნობა შეუძლია
იგი აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე თუ სხვა ნეიროგანსხვავებულ ადამიანებს შეიძლება დაეხმაროს.
შოტლანდიის დასავლეთის უნივერსიტეტის (UWS) მეცნიერებმა ემოციების ამომცნობი სპეციალური ხელსაწყო შექმნეს, რომელიც ხელოვნურ ინტელექტს (AI) ეფუძნება. ინოვაცია მიზნად ისახავს, აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე თუ სხვა ნეიროგანსხვავებულ ადამიანებს დაეხმაროს.
ტექნოლოგია ტარებადი EEG და ECG სენსორებისაგან მიღებულ ინფორმაციას იყენებს სახის ანალიზთან ერთად, რათა ემოციასთან დაკავშირებული სიგნალების ინტერპრეტაცია შეძლოს. შესაძლოა, ინოვაცია ემოციათა გამომწვევი მიზეზების შესწავლაში დაგვეხმაროს, რაც ფსიქიკური ჯანმრთელობის შეფასებისა და მკურნალობის პროცესს გააუმჯობესებს.
ჩვეულებრივ, ემოციების ამოცნობა საკვლევად საკმაოდ რთული და კომპლექსური თემაა. მიუხედავად ამისა, ბოლო დროს გამოსახულების გადამამუშავებელი ტექნოლოგიები საკმაოდ განვითარდა. დაბალ ფასადაა ხელმისაწვდომი ტარებადი ელექტროენცეფალოგრამისა (EEG) და ელექტროკარდიოგრამის (ECG) სენსორებიც.
მკვლევრებმა ამ ტექნოლოგიებით ისარგებლეს და ხელოვნური ინტელექტი (AI) შექმნეს, რომელსაც შეუძლია, ტვინიდან და სახის ანალიზით მიღებული ემოციებთან დაკავშირებული სიგნალები ზუსტად წაიკითხოს.
"ემოციები ადამიანური გამოცდილების ფუნდამენტური ასპექტია, სხვადასხვა ემოციის გამომწვევი სიგნალების შესწავლამ კი ჩვენი ცხოვრების არაერთ ასპექტზე შეიძლება მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს", — აცხადებს UWS-ის პროფესორი ნაიმ რამზანი.
სისტემა მულტიმოდალურ მონაცემთა ბაზას იყენებს, რომელიც UWS-ის მეცნიერებმა შექმნეს. იგი კვლევის ფარგლებში მიღებული სიგნალებისაგან შედგება. თავად კვლევა აუდიო-ვიზუალური სტიმულების გამოყენებით ჩატარდა.
მეცნიერები მონაწილეებს იწერდნენ, როდესაც ისინი თითოეულ სტიმულზე საკუთარ ემოციურ რეაქციას აფასებდნენ რეაქციის, სტიმულაციისა და გავლენის კუთხით. სიგნალები კამერისა და უსადენო ტარებადი აღჭურვილობის მეშვეობით შეკრიბეს.
მიღწევა სპეციალისტებისათვის ახალი საშუალება შეიძლება აღმოჩნდეს, რათა ნეიროგანსხვავებული ადამიანების ემოციურ მდგომარეობაში უკეთ გაერკვნენ; ეს ფსიქიკური ჯანმრთელობის შეფასების, დროული ჩარევისა და მეტად ეფექტიანი მიდგომების შემოღებაში შეიძლება დაგვეხმაროს.
შესაძლებელია ისიც, რომ ტექნოლოგიამ გაფართოებული ან ვირტუალური რეალობის შექმნას შეუწყოს ხელი, ანდა იგი რობოტიკაში გამოიყენონ — ეს ყველაფერი სპეციალურად იმ მიზნით, რომ ადამიანებს ემოციების გაგებითა და გამოხატვით დაეხმაროს.
კომენტარები