მეცნიერებმა დეპრესიის ახალი ქვეტიპი გამოავლინეს — როგორ ამოვიცნოთ
სტენფორდის უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერებმა, კოლეგებთან ერთად, ახალი კვლევის ფარგლებში, დეპრესიის აქამდე უცნობი ქვეტიპი გამოავლინეს. მათ ამისთვის გამოკითხვები, ტესტირებები და ტვინის გამოსახულებები გამოიყენეს.
"კოგნიტიური ქვეტიპი", როგორც მას ავტორები უწოდებენ, სწორედ კოგნიტიური დარღვევებით ხასიათდება, როგორიცაა ყურადღების, თვითკონტროლისა და მახსოვრობის პრობლემები. მნიშვნელოვანია, რომ ეს სიმპტომები, სპეციალისტთა თქმით, პაციენტთა 27 პროცენტს აწუხებს, რაც მხოლოდ აშშ-ში 5 მილიონზე მეტი ადამიანის პროპორციულია.
აღსანიშნავია, რომ დეპრესიის საწინააღმდეგო SSRI ტიპის პრეპარატები ამ სიმპტომებს სათანადოდ ვერ ებრძვის. ამაზე მიუთითებს უკანასკნელი კვლევაც, რომლის განმავლობაშიც 1 008 ზრდასრულ პაციენტს ყველაზე ხშირად გამოყენებადი ანტიდეპრესანტები დაუნიშნეს. თერაპია ბოლომდე 712 მათგანმა მიიყვანა.
მათ ცდამდე და ცდის შემდეგ სიმპტომების შესაფასებლად სხვადასხვა კვლევა ჩაუტარდათ, მათ შორის ფუნქციურ მაგნიტურ-რეზონანსული აპარატით ტვინის სკანირება. აღმოჩნდა, რომ 8 კვირის შემდეგ მონაწილეთა 27 პროცენტს კოგნიტიური პრობლემები მაინც ჰქონდა, ტვინის ზოგიერთ რეგიონში კი აქტივობა შემცირებული იყო. ასევე, მათზე SSRI ტიპის მედიკამენტებმა ყველაზე ნაკლებად იმოქმედა.
ავტორები ამბობენ, რომ კოგნიტიური ქვეტიპის დეპრესიის დიაგნოსტირება უმნიშვნელოვანესია, რათა პაციენტებს თავიანთი მდგომარეობის შესაბამისი მკურნალობა დაენიშნოთ. მათი აზრით, ტვინის სკანირება სწორედ ამის საშუალებას იძლევა.
მეცნიერები გეგმავენ, რომ ზემოხსენებული ქვეტიპისთვის მკურნალობის ეფექტიანი მეთოდების მისაგნებად კვლევები ჩაატარონ. მათი ნაშრომი გამოცემაში JAMA Network Open გამოქვეყნდა.
კომენტარები