რატომ არასდროს გვსმენია გულის კიბოს შესახებ — იშვიათი, მაგრამ მომაკვდინებელი
კიბო სხეულში თითქმის ყველგან შეიძლება განვითარდეს. მიუხედავად ამისა, ძალიან ცოტას თუ სმენია მსგავსი დაავადების შესახებ, რომელიც გულზე ახდენს გავლენას. დიახ, გულის კიბო არსებობს და ის სახიფათოა — თუმცა, საბედნიეროდ ძალიან იშვიათია.
რა არის გულის კიბო?
როგორც უკვე ვთქვით, გულის კიბო იშვიათია, შესაბამისად, მისი სტატისტიკაც მცირეა. კვლევების მიხედვით, მსგავსი დაავადება ადამიანების 0,0017%-ში გვხვდება.
ისევე, როგორც ზოგადად, გულის შემთხვევაშიც შეიძლება გვქონდეს კეთილთვისებიანი სიმსივნე. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ კეთილთვისებიანია, მას შეუძლია სერიოზული პრობლემები გაგვიჩინოს — ეს შეიძლებ უარყოფითად აისახოს სისხლის მიმოქცევაზე.
უფრო საშიში გულის ავთვისებიანი სიმსივნეა.
"ჩემი კარიერის განმავლობაში, ორჯერ ან სამჯერ მინახავს გულის ავთვისებიანი კიბო. მსგავსი შემთხვევები იშვიათია და სწორედ ამიტომ, ბევრს მასზე უბრალოდ არ სმენია", — განუცხადა IFLScience-ს დოქტორ ტოჩუკვუ ოკვუოსამ, კარდიოლოგმა.
დაავადება, რომელზეც ახლა ვსაუბრობთ არაფრით განსხვავდება სხვა ავთვისებიანი სიმსივნისგან. ეს გულისხმობს კიბოს უჯრედების სხეულზე მოდებას, რაც საბოლოოდ სხეულის სხვა ნაწილებში შეჭრაში გადაიზრდება. როდესაც ეს ხდება გულში, ის შეიძლება იყოს განსაკუთრებით აგრესიული.
"როდესაც საქმე გულის ავთვისებიან კიბოსთან გვაქვს, ეს ყოველთვის რთული შემთხვევაა. მისი განკურნების შანსი ძალიან დაბალია, თუნდაც ქიმიოთერაპიით", — ამბობს დოქტორი ოკვუიოსამა.
გულის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ავთვისებიანი სიმსივნე სარკომაა, რომელიც რბილ შემაერთებელ ქსოვილებში გვხვდება.
რატომ არის გულის კიბო ასეთი იშვიათი?
გული უმნიშვნელოვანესი ორგანოა, თუმცა კიბოსგან დაცული არაა. ჩნდება შეკითხვა, რატომ არის გულის კიბო ასეთი იშვიათი?
ერთი თეორიის მიხედვით, უჯრედები, რომლებიც ქმნიან გულის კუნთს — გულის მიოციტები — "ტერმინალურად დიფერენცირებულია".
უჯრედების გაყოფისას ხდება "შეცდომა", რის შედეგადაც ვიღებთ მუტაციურ უჯრედს, რომელიც მრავლდება და უკონტროლოდ იყოფა. თუმცა, გულის კუნთში, უჯრედები ისე არ იყოფა, როგორც ეს კანის შემთხვევაში.
ეს ნიშნავს, რომ გულს დაზიანებული უჯრედების აღდგენა უჭირს, მაგრამ კიბოს წინააღმდეგ მეტწილად დაცულია.
როგორია სიმპტომები?
იქიდან გამომდინარე, რომ დაავადების შემთხვევები მცირეა, ექიმებს გულის კიბოს შესახებ მონაცემებიც ცოტა აქვთ. მაგალითად, ზუსტად არ ვიცით რამდენად დაკავშირებულია გულის კიბო ცხოვრების წესთან. შესაბამისად, დაავადების წარმოქმნის მიზეზებში დღემდე ვერ ვერკვევით და რთულია მისი მკურნალობაც.
"რისკფაქტორები არ ვიცით. შესაბამისად, პაციენტის გაფრთხილება გვიჭირს. ვიცი, საშინლად ჟღერს", — ამბობს დოქტორი ოკვუიოსამა.
გულის კიბოს სიმპტომების დადგენაც რთულია. გულის კიბომ შეიძლება არასპეციფიკური სიმპტომები გამოავლინოს. მაგალითად, როგორიცაა დაღლილობა, ქოშინი, თავბრუსხვევა, გულმკერდის ტკივილი და პალპიტაცია.
ჩამოთვლილი სიმპტომები შეიძლება უბრალოდ გულის პრობლემებთან იყოს დაკავშირებული, ან სულაც სხვა მიზეზებიდან გამომდინარეობდეს. სწორედ ამიტომ, გულის კიბოს სიმპტომების გამოვლენა რთულია.
კომენტარები