ნახეთ: NASA-ს ანიმაცია გვიჩვენებს, როგორ იმატებდა ზღვის დონე ბოლო 30 წელში
NASA-მ ახალი ანიმაცია გამოაქვეყნა, რომელშიც ნაჩვენებია, როგორ იმატებდა ზღვის დონე უკანასკნელი 3 დეკადის განმავლობაში. ახალი ვიზუალიზაცია ხელოვნური თანამგზავრების მიერ 1993-იდან 2022 წლამდე მოპოვებულ მონაცემებს ეყრდნობა.
როგორც ცნობილია, აღნიშნულ პერიოდში ზღვის დონე გლობალურად 9.1 სანტიმეტრით გაიზარდა, რა პროცესსაც ვიდეოში, თითქოს გემის ილუმინატორიდან ვაკვირდებით. ეს ცვლილების მასშტაბების უკეთ გააზრების საშუალებას გვაძლევს.
ამ ყველაფრის მიზეზი მსოფლიო კლიმატზე ჩვენი სამრეწველო საქმიანობის თანმდევი ემისიების უარყოფითი გავლენაა. ატმოსფეროს ასეთი დაბინძურება გლობალურ დათბობას უწყობს ხელს, რის შედეგადაც სანაპიროებზე მცხოვრები მოსახლეობა უფრო და უფრო ხშირად იტბორება. თუ ასე გაგრძელდება, მომავალში მსგავს დასახლებებს წყალი სრულად წალეკავს.
ოკეანეების დონის გასაზომად მეცნიერები სატელიტებიდან სპეციალურ ტალღებს გზავნიან და აკვირდებიან, რა დრო სჭირდება ზედაპირიდან მათ უკან დაბრუნებას. ამის მეშვეობითა და სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით შესაძლებელია, წყლის დონის მატების მაჩვენებელი გამოვითვალოთ. ეს უკანასკნელი სულ უფრო იზრდება, რაც საგანგაშოა, რადგან ადამიანებსა და მნიშვნელოვან ეკოსისტემებს საფრთხეს უქმნის.
საქმე ისაა, რომ ოკეანეები, განსაკუთრებით კი მათი ზედაპირის რამდენიმე მეტრი სითბოს დიდ ნაწილს შთანთქავს, რის გამოც წყალი თბება და ფართოვდება. ამას ემატება მყინვარების ლღობაც. ახალი ანიმაცია კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, რამდენად აუცილებელია კლიმატის ცვლილებასთან შეწინააღმდეგება და ემისიების შემცირება.
კომენტარები