Google-ის ამ ახალი AI ფუნქციით ტანსაცმელს ვირტუალურად "მოისინჯავთ"
Google-მა გამოუშვა ხელოვნური ინტელექტის მქონე ფუნქცია, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, შეამოწმონ, თუ როგორ გამოიყურება მათი შერჩეული ტანსაცმელი სხვადასხვა მოდელის სხეულზე, სხვადასხვა პოზაში.
"უბრალოდ დააკლიკეთ პროდუქტს "Try On" ღილაკზე და შეარჩიეთ მოდელი, რომელიც ყველაზე მეტად გგავთ თქვენ", — წერს ლილიან რინკონი, გუგლის პროდუქციის მენეჯმენტის უფროსი დირექტორი.
ონლაინ შოპინგი ერთდროულად მოსახერხებელი და მოუხერხებელია; ერთი მხრივ, შეგიძლიათ, დივანზე მოკალათებულმა, ფინჯანი ყავის თანხლებით შეარჩიოთ სასურველი ტანსაცმელი, თუმცა, მეორე მხრივ, რამდენად მოუხდება ეს პროდუქტი თქვენი სხეულის ტიპს, კანის ფერსა და ა.შ., — ნამდვილი თავსატეხია.
თუმცა ახლა, კომპანია გუგლის დამსახურებით, თავსატეხი ამოიხსნა და შეგეძლებათ, სასურველი ტანსაცმელი "ჩააცვათ" თქვენი მსგავსი სხეულის ტიპის მქონე მოდელს და მარტივად აღიქვათ, რამდენად მოგიხდებათ შერჩეული სამოსი.
ამ ფუნქციის არსებობას შესაძლებელს ხდის TryOnDiffusion, გენერაციული AI, რომელიც გუგლის მკვლევრებმა იმგვარად გაწვრთნეს, რომ შეძლოს ტანსაცმლის სურათის ანალიზი და გვიჩვენოს, თუ როგორ მოერგება ის რეალური მოდელების მრავალფეროვან სპექტრს, რომელთა ზომებიც XXS-დან 4XL-მდე მერყეობს.
აღსანიშნავია, რომ გუგლი არ არის პირველი კომპანია, რომელმაც მომხმარებლებს ტანსაცმლის ვირტუალური მოსინჯვა შესთავაზა; Walmart-ს ასევე აქვს ვირტუალური მოსინჯვის ფუნქცია, რომელიც მყიდველებს საშუალებას აძლევს, ნახონ ტანსაცმელი მოდელზე, რომელიც შეესაბამება მათ სიმაღლესა და ზომას.
თუმცა, ვოლმარტის ფუნქცია უფრო მეტად ფოტოშოპის წარუმატებელ გამოყენებას ჰგავს და, გუგლის ახალი ფუნქციისგან განსხვავებით, მოდელების სხვადასხვა პოზებში წარმოჩენაც არ შეუძლია.
ამჟამად ეს ფუნქცია ხელმისაწვდომია მხოლოდ რამდენიმე ბრენდის (Anthropologie, Everlane, H&M და LOFT) მიერ დამზადებულ ტოპებზე ქალებისთვის, მაგრამ კომპანია გეგმავს არჩევანის გაფართოებას და 2023 წლის ბოლოსთვის კაცის ტოპების დამატებას.
კომენტარები