ქალი, რომელიც საკუთარ დაკრძალვაზე "გაცოცხლდა", ამჯერად ნამდვილად მოკვდა
წინა კვირაში სოციალურ ქსელებსა და მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ 76 წლის ეკვადორელმა ქალმა საკუთარ დაკრძალვაზე მოულოდნელად გაიღვიძა. ახლა ის მკვდრად მეორედ გამოაცხადეს, რადგან ამჯერად ნამდვილად დაიღუპა.
Twitter-ზე გამოქვეყნებული ვიდეო გვიჩვენებს, როგორ სუნთქავს კუბოში მწოლი ხანდაზმული ქალი, ბელა მონტოია, რომელსაც ორი კაცი ადგას თავზე. მისი შვილის, გილბერტ ბარბერას თქმით, დედამისმა კუბოზე დაკაკუნება დაიწყო და ახლობლებს ამით შეატყობინა, რომ ცოცხალი იყო. იქამდე ის საავადმყოფოში მკვდრად 9 ივნისს გამოაცხადეს.
მას შემდეგ, რაც ქალს სიცოცხლის ნიშნები გამოუვლინდა, ის ქალაქ ბაბაჰოიოში მდებარე სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. ის იქ პარასკევ დღეს საბოლოოდ ინსულტის შედეგად დაიღუპა.
"ამჯერად დედაჩემი ნამდვილად მოკვდა. ჩემი ცხოვრება ისეთი ვეღარასდროს იქნება, როგორიც იყო", — განაცხადა გილბერტ ბარბერამ.
ადგილობრივმა ჯანდაცვის სამინისტრომ გასცა ბრძანება, რომ ქალის შეცდომით მკვდრად გამოცხადების მიზეზი დადგინდეს. მედიის ცნობით, ხანდაზმულს კატალეფსია ჰქონდა, რა დროსაც ადამიანი მგრძნობელობას, ასევე ცნობიერებას კარგავს და სხეული უშეშდება.
კომენტარები