ამ კვირაში პლანეტების იშვიათი განლაგების მომსწრენი გავხდებით — როგორ დავაკვირდეთ
StarWalk-ის მიხედვით, 5 პლანეტის იშვიათ განლაგებას 2023 წლის 17 ივნისის შემდეგ, 2040 წლამდე ვეღარ ვიხილავთ.
StarWalk-ის მიხედვით, ამ კვირაში ცაზე პლანეტების იშვიათ განლაგებას ვიხილავთ.
მაგრამ, ხუთი პლანეტის დასანახად, დაგჭირდებათ ძალიან სუფთა ცა, უნაკლო დრო, აღმოსავლეთის ჰორიზონტის დაუბრკოლებელი ხედი და, ალბათ, ბინოკლები ან ტელესკოპი.
როგორ შეგვიძლია, დავინახოთ 5 პლანეტის იშვიათი განლაგება
17 ივნისის დილას, მზის ამოსვლამდე, დაახლოებით, ერთი საათით ადრე, გაიხედეთ აღმოსავლეთისკენ. ამ მიმართულებით ჰორიზონტზე დაინახავთ ნათელ ობიექტს — პლანეტა იუპიტერს. იგი ხუთ პლანეტას შორის ყველაზე კაშკაშა და მარტივი შესამჩნევი იქნება.
ამის შემდეგ, ოდნავ მაღლა და მარჯვნივ თუ გაიხედავთ, დაინახავთ სატურნსაც. ის იუპიტერზე უფრო ბნელი და პატარა გამოჩნდება, მაგრამ მაინც შეძლებთ მის შემჩნევას შეუიარაღებელი თვალით.
შემდეგ, შესაძლოა, მერკურიც მოხვდეს თქვენი მხედველობის არეალში. ის მოთავსებული იქნება იუპიტერის ქვემოთ და მარცხნივ, აღმოსავლეთ და ჩრდილო-აღმოსავლეთ ჰორიზონტებს შორის. აი, ბოლო ორი პლანეტის, ნეპტუნისა და ურანის დანახვა კი შეუიარაღებელი თვალით გაგიჭირდებათ.
ნეპტუნი და ურანი არა მხოლოდ ყველაზე შორსაა დედამიწიდან, არამედ ყველაზე მქრქალად ჩანს ცაში. თუკი წარმოუდგენლად სუფთა, დაუბინძურებელი ცის ჭვრეტის ფუფუნება არ გაქვთ, ამ ორი პლანეტის დასანახად, ალბათ, ბინოკლები ან ტელესკოპი დაგჭირდებათ.
ნეპტუნი იუპიტერსა და სატურნს შორის იქნება, დაახლოებით, შუა წერტილში, ხოლო ურანის შემჩნევას იუპიტერსა და მერკურს შორის შეძლებთ. ასე რომ, თუკი თვალს მიადევნებთ, პლანეტები ცაში იმოძრავებენ ქვემოდან ზემოთ, შემდეგი თანმიმდევრობით: მერკური, ურანი, იუპიტერი, ნეპტუნი და სატურნი.
პლანეტარული განლაგება პლანეტარული აღლუმი არაა. იგი გულისხმობს შემთხვევას, როცა რამდენიმე პლანეტა ჩნდება დედამიწის ცაზე მზის ერთსა და იმავე მხარეს დროის ერთსა და იმავე მონაკვეთში. ასე რომ, ეს მოვლენა არ გულისხმობს მზის სისტემაში პლანეტების აღლუმისებრ კონფიგურაციას. ეს უბრალოდ ვიზუალური ფენომენია, რომლის შემჩნევაც ჩვენი პლანეტიდან შეგვიძლია.
ნებისმიერ შემთხვევაში, ეს მოვლენა იშვიათი და ლამაზი სანახაობაა. StarWalk-ის მიხედვით, 5 პლანეტის იშვიათ განლაგებას 2023 წლის 17 ივნისის შემდეგ, 2040 წლამდე ვეღარ ვიხილავთ.
მოვლენის დასაკვირვებლად საუკეთესო დრო 17 ივნისის მზის ამოსვლამდე პერიოდია. თუმცა პლანეტების შემჩნევა, ცაზე სხვა ვარსკვლავებთან ერთად, შეიძლება ცოტა გაგიჭირდეთ. აღსანიშნავია, რომ 5 პლანეტის დანახვა, შესაძლოა, 17 ივნისამდე და შემდეგაც შეძლოთ, თუმცა 17 ივნისი იდეალური დღეა, რადგან ამ დროს, მზის ამოსვლამდე, ისინი ყველაზე კაშკაშა იქნება.
ასე რომ, მოიმარჯვეთ ბინოკლები და დაელოდეთ 17 ივნისს, რათა ეს იშვიათი და შთამბეჭდავი სანახაობა არ გამოგრჩეთ.
კომენტარები