სატურნის მთვარეზე ფოსფატი აღმოაჩინეს — სიცოცხლის მთავარი საშენი მასალა
ასტრონომებმა სატურნის მთვარე ენცელადზე ფოსფატი აღმოაჩინეს. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც დედამიწის მიღმა ოკეანეში ფოსფატის, იგივე ფოსფორმჟავას მარილის არსებობა დასტურდება.
კვლევა Nature-ში დღეს, 14 ივნისს გამოქვეყნდა. მეცნიერებმა კასინის საარქივო მონაცემები გაანალიზეს და აღმოჩენამაც არ დააყოვნა.
ეს უმნიშვნელოვანესი აღმოჩენაა, თუ გავითვალისწინებთ, რომ სიცოცხლის წარმოქმნაში ექვსი ელემენტი თამაშობს გადამწყვეტ როლს — ესენია ნახშირბადი, წყალბადი, ჟანგბადი, გოგირდი, აზოტი და ფოსფორი. სატურნის მთვარეზე უკვე ამ ექვსივე ელემენტის არსებობა დასტურდება. ეს ენცელადის ოკეანეს დედამიწის მიღმა ერთადერთ ცნობილ ადგილად აქცევს, სადაც სიცოცხლის წარმოქმნისთვის საჭირო ექვსივე ინგრედიენტი იყრის თავს.
ფოსფატი ქრომოსომების ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილია. საუბარია გენეტიკური ინფორმაციის მატარებლზე, რომელშიც დნმ გვხვდება. შესაბამისად, ჩვენ შეიძლება ერთი ნაბიჯით მივუახლოვდეთ არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენას. და არც მეტი, არც ნაკლები, ეს შეიძლება ჩვენივე მზის სისტემაში მოხდეს — სატურნის ერთ-ერთ მთვარეზე.
ასევე: პირველად იყო ფოსფორი — ახალი კვლევის თანახმად, დედამიწაზე სიცოცხლე ფოსფორმა შექმნა
ოკეანეებში სიცოცხლის ძიება
მეცნიერები უკვე დიდი ხანია მზის სისტემაში სიცოცხლეს ეძებენ. ამ მხრივ მთავარი კანდიდატები სატურნისა და იუპიტერის მთვარეებია.
მაგალითად, NASA იუპიტერის მთვარეზე (ევროპა) კოსმოსურ ხომალდს შიდა ოკეანეების შესასწავლად აგზავნის. მისიამ უნდა გვითხრას, არსებობს თუ არა ევროპაზე სიცოცხლე.
ევროპის მსგავსად, ენცელადი დაფარულია ოკეანით, რომელიც გარე ყინულოვანი ქერქის ქვეშაა. სატურნის გარშემო ბრუნვისას კასინის მისიამ სატურნისა და მისი ყინულოვანი მთვარეების შესახებ მნიშვნელოვანი მონაცემები შეაგროვა. სწორედ ამ მონაცემების გაანალიზებამ მოგვცა ახალი აღმოჩენა.
მონაცემების ანალიზი
ენცელადის ოკეანეების ქიმიური შემადგენლობის დასადგენად, პლანეტარული მეცნიერებების უნივერსიტეტის პროფესორმა, ფრენკ პოსტბერგმა და მისმა კოლეგებმა კასინის მოპოვებული მონაცემები კომპლექსურად შეისწავლეს.
კვლევამ აჩვენა, რომ მთვარეზე ფოსფორი ორთოფოსფატის იონების სახითაა. არა მხოლოდ ეს, ენცელადზე ეს ნაერთი დედამიწის ოკეანეებზე 100-ჯერ მაღალი კონცენტრაციითაა.
კვლევა იმაზე მეტყველებს, რომ სიცოცხლის ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტი სხვა მსგავს მთვარეებზეც უნდა იყოს.
ვნახოთ, რა იქნება შემდეგი. ერთი რამ ფაქტია, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენას მნიშვნელოვნად მივუახლოვდით.
კომენტარები