ახალ კვლევაში მეცნიერებმა აღმოაჩინეს იდუმალი სიცოცხლის ფორმების "დაკარგული სამყაროს" ნაშთები. სიცოცხლის ეს ფორმები დედამიწაზე არსებობდნენ, დაახლოებით, 1,6 მილიარდი წლის წინ და, შესაძლოა, იყვნენ იმ საგვარეულოს უძველესი ცნობილი წინაპრები, რომლებმაც, საბოლოოდ, წარმოქმნა მცენარეები და ცხოველები, მათ შორის, ადამიანები.

მიკროსკოპული არსებების — სახელად "პროტოსტეროლის ბიოტა" — აღმოჩენა ძველ ავსტრალიურ კლდეებში, ავსებს დიდ ხარვეზს ჩვენს ცოდნაში ევკარიოტების ადრეული ევოლუციის შესახებ. ესაა ოჯახი, რომელიც მოიცავს ყველა სიცოცხლის ფორმას ბირთვული უჯრედებით. ეს ორგანიზმები გამრავლდნენ წყლიან ჰაბიტატებში ჩვენს პლანეტაზე, ცხოველებისა და მცენარეების გაჩენამდე, დაახლოებით, მილიარდი წლით ადრე, მაგრამ მათ მოახერხეს, დღემდე დამალულები ყოფილიყვნენ წიაღისეულ ჩანაწერებში.

"ჩვენი აღმოჩენები გვიჩვენებს, რომ სიცოცხლის უმეტესობა, რაც კი ოდესმე არსებობდა, ახლა გადაშენებულია და ამიტომ ხშირად შეუმჩნეველი რჩება, მაშინ როცა ამ ორგანიზმებმა, შესაძლოა, მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს სიცოცხლის კომპლექსური ფორმების ევოლუციასა და ეკოსისტემების ფორმირებაში დედამიწის ისტორიის დიდ მონაკვეთში", — თქვა ბენჯამინ ნეტერსჰაიმმა, ბრემენის უნივერსიტეტის საზღვაო გარემოსდაცვით მეცნიერებათა ცენტრის (MARUM) გეობიოლოგმა.

მეცნიერები ათწლეულების განმავლობაში მუშაობდნენ დედამიწის "შუა საუკუნეებში" ჩვენი ევკარიოტული ხაზის ფესვების გამოსავლენად. დედამიწის შუა საუკუნეები ეწოდება პერიოდს, რომელიც დაიწყო, დაახლოებით, 1,7 მილიარდი წლის წინ და გაგრძელდა მილიარდი წლის განმავლობაში. ამ პერიოდის ორგანიზმების სიმარტივე, ასეთი უძველესი წარმოშობის ქანების სიმცირესთან ერთად, წარმოადგენს უზარმაზარ გამოწვევას წარსული ეკოსისტემების აღდგენის მცდელობისთვის.

ადრეული ევკარიოტები აწარმოებდნენ სტეროლებს, სტეროიდული ნაერთების ტიპს, რომლებიც გვხვდება ნამარხებში, მაგრამ ეს ბიომარკერები, როგორც ჩანს, მცირდება, დაახლოებით, 800 მილიონი წლის წინანდელ ჩანაწერებში. კონრად ბლოხმა, ნობელის პრემიის ლაურეატმა ბიოქიმიკოსმა, 1990-იან წლებში იწინასწარმეტყველა, რომ უძველეს ევკარიოტებს შეეძლოთ, შეექმნათ ამ სტეროლების პირველადი ვერსიები, თუმცა მას ეჭვი ეპარებოდა, რომ მათი იდენტიფიცირება ოდესმე მოხერხდებოდა ძველ კლდეებში.

ახლა ნეტერსჰაიმმა და მისმა კოლეგებმა დაადასტურეს ბლოხის ეჭვები ავსტრალიის ბარნი კრიკის ფორმირების ქანებში პროტო-სტეროლების აღმოჩენით, რომლებიც 1,6 მილიარდ წელზე მეტი ხნით თარიღდება.

პირველყოფილი სტეროიდების გამოვლენა ცხადყოფს ადრეული მიკროსკოპული ევკარიოტების არსებობას, რომლებიც, შესაძლოა, დომინირებდნენ წყლის ეკოსისტემაში დედამიწის შუა საუკუნეებში და პოტენციურად გახდნენ დედამიწის პირველი მტაცებლები. ეს ორგანიზმები, სავარაუდოდ, ევკარიოტების "ღეროვან ჯგუფს" მიეკუთვნებოდნენ.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, პროტოსტეროლის ბიოტა შეიძლება იყოს თანამედროვე ევკარიოტების, მათ შორის ადამიანის, პირდაპირი წინაპარი ან მჭიდროდ მონათესავე კონკურენტი ჩვენი მიკრობული წინამორბედებისა ღრმა წარსულში.

იმის გათვალისწინებით, რომ პროტოსტეროლის ევკარიოტები ცნობილია მხოლოდ მათი ქიმიური ქვეპროდუქტებიდან, რთულია საუბარი იმის შესახებ, თუ როგორ გამოიყურებოდნენ ან როგორ გავრცელდნენ ისინი ჩვენს პლანეტაზე. შესაძლებელია, რომ ეს პირველყოფილი წინაპრები უკეთესად ერგებოდნენ ჟანგბადისა და ენერგიის დაბალი მოთხოვნილების მქონე გარემოს, რაც მათ უპირატესობას ანიჭებდა დედამიწის შუა საუკუნეებში, როდესაც დეოქსიგენირებული ჰაბიტატები უფრო გავრცელებული იყო. თუმცა, როგორც ნეტერსჰაიმმა აღნიშნა, პროტოსტეროლის ბიოტამ, შესაძლოა, დაკარგა ეს უპირატესობა, დაახლოებით, 800 მილიონი წლის წინ ჟანგბადის დონის აწევის გამო. ამ ცვლილებამ ხელი შეუწყო, წარმოქმნილიყვნენ გვირგვინის ჯგუფის ევკარიოტები, რომლებიც დღემდე არსებობენ.

კვლევის შედეგები არა მხოლოდ ამტკიცებს პროგნოზებს კონრად ბლოხისა, რომელიც 2000 წელს მოკვდა, ისინი ასევე ასახავს ახალ გზას, რათა მივყვეთ ჩვენი ევკარიოტული ხაზის ძაფებს ღრმა წარსულში.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.