ჯოისტიკით კონტროლირებადი კაფსულა — ტრადიციული ენდოსკოპიის დასასრული?
აშშ-ში ყოველწლიურად დაახლოებით შვიდ მილიონ პაციენტს უტარდება ენდოსკოპია. ვაშინგტონის უნივერსიტეტის (GWU) მკვლევართა ჯგუფმა შეიმუშავა მაგნიტით კონტროლირებადი კაფსულა, რომელსაც კლასიკური ენდოსკოპიის შეცვლა შეუძლია.
გადაყლაპვადი ვიდეო კაფსულები უკვე არსებობს, მაგრამ მათ ერთი მნიშვნელოვანი შეზღუდვა აქვთ — კუჭში შესვლისთანავე ექიმებს არ აქვთ კონტროლი კაფსულის მოძრაობაზე. გრავიტაცია და ნაწლავებში კუნთების ბუნებრივი მოძრაობა განსაზღვრავს კაფსულის მოძრაობას სხეულის შიგნით.
მეორეს მხრივ, მილებზე დაფუძნებული ტრადიციული ენდოსკოპიური პროცედურები ინვაზიურია. ამასთან, ძვირია და დრო სჭირდება, რადგან საჭიროებს ანესთეზიას.
GWU-ს გუნდმა დანერგა ტექნიკა, რომელიც კაფსულის მიღების შემდეგ დიაგნოზის დაუყოვნებლივ დასმის საშუალებას იძლევა. ექიმებს კი, შეუძლიათ მარტივად გააკონტროლონ კაფსულის მოძრაობა ჯოისტიკის გამოყენებით.
"მაგნიტურად კონტროლირებადი კაფსულები შეიძლება გამოიყენონ, როგორც სწრაფი და მარტივი გზა ზედა კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ჯანმრთელობის პრობლემების შესამოწმებლად, როგორიცაა წყლულები ან კუჭის კიბო", — თქვა ენდრიუ მელცერმა, ერთ-ერთმა მკვლევარმა.
როგორ მუშაობს ახალი ენდოსკოპიური კაფსულა?
ენდოსკოპია არის სამედიცინო პროცედურა, რომლის დროსაც ექიმი იყენებს კამერით აღჭურვილ მოწყობილობას ადამიანებში საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ზედა ნაწილის დასათვალიერებლად. ის საშუალებას აძლევს ექიმებს გამოავლინონ ორგანიზმში არსებული ანომალიები, რომლებიც იწვევს კუჭის მწვავე ტკივილს, წყლულებს, კუჭის კიბოს, შინაგან სისხლდენასა და სხვა დაავადებებს.
კვლევის დროს GWU-ს მეცნიერებს სურდათ შეემუშავებინათ ნაკლებად ინვაზიური, უპრობლემო და ადვილად კონტროლირებადი ენდოსკოპიური მეთოდი.
ამ წარმატების მისაღწევად მკვლევრებმა შექმნეს კაფსულა კამერის სისტემით და გარე მაგნიტებით. მისი კონტროლი ჯოისტიკით ადვილად არის შესაძლებელი. შესაბამისად, გრავიტაციაზე და ნაწლავის დინებაზე დაყრდნობა საჭირო აღარ არის. კაფსულა ექიმის ნების შესაბამისად მოძრაობს და იკვლევს ორგანიზმს.
ეს პირველი კვლევაა, რომელმაც აჩვენა მაგნიტურად კონტროლირებადი ენდოსკოპიის პოტენციალი.
კვლევა iGIE-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები