თმას უძველესი რომაელებიც იპუტავდნენ — ამას 50-ზე მეტი პინცეტი მოწმობს
აღმოჩნდა, რომ თმას ძველი რომაელებიც კი იშორებდნენ: არქეოლოგებმა ინგლისში, ვროქსეტერის რომაულ ქალაქში, ახალი წელთაღრიცხვით მეორე-მეოთხე საუკუნეებით დათარიღებულ დასახლებაში, 50-ზე მეტი პინცეტი იპოვეს.
აღმოაჩინეს პირადი ჰიგიენისა და თავის მოვლის სხვა საშუალებებიც: კანის სახეხი, სუნამოს ბოთლები, ძვირფასეულობა და მაკიაჟის დასატანი ნივთები.
English Heritage-ის განცხადებით, თავის მოვლის პრაქტიკა კაცებისთვისაც ისევე იყო რუტინა, როგორც ქალებისთვის. ამასთანავე, კაცებს, რომლებიც ჭიდაობას ან მსგავს სპორტს მისდევდნენ, სხეულიდან თმის მოშორებაც მოეთხოვებოდათ, განსაკუთრებით იღლიებიდან.
ცნობილია, რომ ძველ რომში თმის მოშორების რიტუალთა შესრულებას მონებს ავალებდნენ. English Heritage წერილსაც გვიზიარებს: რომაელი მწერალი და პოლიტიკოსი სენეკა ამ დროს ხალხის ხმაურიან რეაქციებზე უკმაყოფილებას გამოთქვამს. "გამხდარი იღლიის თმის მპუტავი, რომელიც ხალხის ყურადღების მისაქცევად ხმამაღლა გაჰკივის და არასდროს ჩერდება, გარდა იმისა, როცა თავის საქმეს აკეთებს და სხვას აკივლებს", — წერს ის.
როგორც English Heritage-იდან აცხადებენ, აღმოაჩინეს 50-ზე მეტი პინცეტი. ბრიტანეთში ეს ამ ნივთის ერთ-ერთი ყველაზე დიდი კოლექციაა, ანუ იგი მეტად პოპულარული გახლდათ. ამ პინცეტი უსაფრთხო, იაფი და მარტივი იყო, თუმცა რამდენად უმტკივნეულო — თავად განსაჯეთ.
კომენტარები