პომპეიში ვეზუვის ამოფრქვევისას დაღუპული კიდევ 3 ადამიანის ჩონჩხი აღმოაჩინეს
პომპეიში წარმოებული გათხრებისას არქეოლოგებმა ორი ქალისა და 3-4 წლის ბავშვის ჩონჩხი აღმოაჩინეს. ისინი 79 წელს ვულკან ვეზუვის კატასტროფული ამოფრქვევისას დაიღუპნენ, როცა გადასარჩენად ადგილობრივ საცხობს შეაფარეს თავი.
პომპეის არქეოლოგიური პარკის განცხადებით, გათხრებისას მიკვლეულია სტრუქტურა მოხატული კედლებით, რომლებზეც პოსეიდონი და ამიმონე, ასევე, აპოლონი და დაფნაა გამოსახული. ეს საცხობი უნდა ყოფილიყო, რომლის გვერდითაც სამრეცხაო მდებარეობდა. აღნიშნული ნანგრევები Regio IX-ის სახელით ცნობილ არეალშია განლაგებული, სადაც არქეოლოგიური სამუშაოები 1888 წელს დაიწყო, თუმცა შემდეგ ერთი საუკუნით შეჩერდა.
79 წელს ვულკანის ამოფრქვევას წინ მცირე მიწისძვრები უძღოდა, რომლებიც პომპეის მაცხოვრებლებმა ვერ შენიშნეს. ცოტა ხანში ვეზუვიდან მტვრისა და აირის მძლავრი ნაკადების ამოტყორცნა დაიწყო. ეს მატერია შენობებს რამდენიმე საათის განმავლობაში ეცემოდა. სწორედ ამოფრქვევის ამ ფაზის დროს უნდა დაღუპულიყვნენ ის ადამიანები, რომელთა ჩონჩხებსაც ახლახან მიაგნეს.
მოსახლეობის უმეტესობა ვეზუვის ამოფრქვევას მოგვიანებით ემსხვერპლა, როცა მათ დიდი ოდენობით გავარვარებული მტვერი და აირი დაატყდა თავს.
კომენტარები