LIGO-ს ობსერვატორია დაბრუნდა — რა უნდა ვიცოდეთ
ლაზერული ინტერფერომეტრის გრავიტაციულ-ტალღური ობსერვატორია (LIGO) დაგვიბრუნდა. ის გუშინ, 24 მაისს თავიდან გააქტიურდა და 20 თვის განმავლობაში იმუშავებს. ობსერვატორიას 3 წლიანი შესვენება ჰქონდა.
LIGO გათიშული განახლებების გამო იყო. მეცნიერებმა დეტექტორი კიდევ უფრო დახვეწეს და ახლა ისინი გრავიტაციულ ტალღებზე ნადირობას გააგრძელებენ.
შემდეგი პოდკასტი: გრავიტაციული ტალღები — რისგან შედგება სივრცე-დრო
ასტრონომებს იმედი აქვთ, რომ ეს განახლება გააორმაგებს LIGO-ს მგრძნობელობას, რაც სისტემას საშუალებას მისცემს უკეთ აღმოაჩინოს შავი ხვრელების შერწყმა და სხვა კოსმოსური მოვლენები. მეცნიერების თქმით, ახლა ობსერვატორიას შეუძლია აღმოაჩინოს ისეთი სახის შერწყმა, რომელიც აქამდე არასოდეს დაფიქსირებულა.
მეოთხე დაბრუნება
გრავიტაციული ტალღები, რომლებიც ასევე ცნობილია როგორც ტალღები სივრცე-დროში, იქმნება ისეთი მოვლენებით, როგორიცაა შავი ხვრელის შერწყმა და ნეიტრონული ვარსკვლავების შეჯახება. საუბარია სივრცე-დროის ტალღისებური ცვლილებაზე. როდესაც კოლოსალურად მასიური სხეულები სწრაფად და აჩქარებით მოძრაობენ ერთმანეთის გარშემო წარმოიქმნება გრავიტაციული ტალღები.
გრავიტაციული ტალღების მეცნიერულ გაგებას მთლიანად სამყაროს აღქმის შეცვლა შეუძლია. ამას აქვს პოტენციალი დაგვეხმაროს იმის გაგებაში თუ რა ხდება შავ ხვრელებში, რა არის ბნელი ენერგია-ბნელი მატერია და რაც მთავარია, რა ხდებოდა სამყაროს გაჩენის მომენტში.
რაც შეეხება თავად ობსერვატორიას, LIGO შედგება ორი დეტექტორისგან, ერთი ჰენფორდშია და მეორე ლივინგსტონში, ლუიზიანაში. თითოეული მათგანი შედგება ორი მილისგან, რომლებიც დაკავშირებულია ერთმანეთთან, რათა შექმნან დიდი L-ფორმა. ისინი ერთმანეთის პერპენდიკულურად ვრცელდება დაახლოებით 4 კილომეტრზე.
ამ მილების შიგნით, ორი მძლავრი ლაზერული სხივია. როდესაც გრავიტაციული ტალღა არღვევს ლაზერს, ის საშუალებას აძლევს სისტემას გაზომოს იგი უკიდურესი სიზუსტით.
2015 წლიდან LIGO-მ დაკვირვებების სამი ციკლი შეასრულა. პირველმა, ოთხთვიანმა, ისტორია დაწერა. ეს იყო გრავიტაციული ტალღების პირველი პირდაპირი გამოვლენა. თითოეული მათგანი წინაზე მეტხანს გაგრძელდა. ახლა, მიმდინარე ციკლი ბოლოზე ორჯერ დიდხანს გაგრძელდება.
LIGO-ს განახლებები საშუალებას მოგვცემს ვისწავლოთ მეტი შავი ხვრელებისა და ნეიტრონული ვარსკვლავების შესახებ.
"უფრო დახვეწილი დეტექტორი ნიშნავს, რომ ჩვენ მეტს გავიგებთ შავი ხვრელებისა და ნეიტრონული ვარსკვლავების შესახებ. ეს ზრდის შანსებს, რომ რაღაც ახალი ვიპოვოთ", — ამბობენ მკვლევრები.
კომენტარები