კაცობრიობამ სიმულირებული "უცხოპლანეტური" შეტყობინება მიიღო — თავად გაშიფრეთ
24 მაისს, თბილისის დროით 23:00 საათზე, მარსის ორბიტაზე მოძრავმა ზონდმა Trace Gas Orbiter დედამიწაზე დაშიფრული შეტყობინება გამოგზავნა. 16 წუთის შემდეგ სიგნალი ხმელეთზე განლაგებულმა სამმა რადიოტელესკოპმა მიიღო, ახლა კი მის გაშიფვრას მეცნიერები და მოყვარული ასტრონომები ცდილობენ.
ესაა პროექტ A Sign in Space-ის ფარგლებში განხორციელებული სიმულაცია, რომელიც არამიწიერ ცივილიზაციასთან კომუნიკაციის ერთგვარი რეპეტიციაა. მასში ჩართულ სისტემებს შორისაა Green Bank-ის ობსერვატორია, Allen-ის ინტერფერომეტრი და Medicina-ის რადიოასტრონომიული სადგური.
"არამიწიერი ცივილიზაციისგან შეტყობინების მიღება მთელი კაცობრიობისთვის ტრანსფორმაციული იქნება. A Sign in Space გვთავაზობს უპრეცედენტო შესაძლებლობას, ამ სცენარისთვის გლობალური თანამშრომლობის წყალობით მოვემზადოთ და ძიების პროცესში ყველა კულტურა და დისციპლინა ჩავრთოთ", — აცხადებს პროექტის ხელმძღვანელი, დანიელა დი პაულისი.
მიღებულ სიგნალს ზემოხსენებულ თითოეულ ობსერვატორიაში მომუშავე მკვლევრები შიფრავენ, თუმცა "უცხოპლანეტური" შეტყობინება ფართო საზოგადოებისთვისაც ხელმისაწვდომია. ეს ნიშნავს, რომ მისი გაშიფვრის შესაძლებლობა ყველა ჩვენგანს აქვს.
ამისთვის საკმარისია, პროექტის ვებგვერდზე გადახვიდეთ — https://asignin.space/the-message/, გადმოიწეროთ მონაცემები და გააანალიზოთ. მიღებული შედეგების გასაგზავნად კი ამ ბმულზე გადადით — https://asignin.space/decode-the-message/.
ასევე, სპეციალისტები საზოგადოებას იწვევენ შეხვედრებზე, რომლებიც მომდევნო კვირების განმავლობაში Zoom-ში გაიმართება. მეტის გასაგებად, გადადით ბმულზე — https://www.seti.org/event/sign-space.
კომენტარები