Google გამოუყენებელი Gmail ანგარიშების წაშლას გეგმავს — რა უნდა იცოდეთ
ჯერ კიდევ 2020 წელს Google-მა მომხმარებლები გააფრთხილა, რომ ანგარიშებიდან, რომლებიც 2 წელია, გამოუყენებელია, შესაძლოა, ფოტოები და სხვა მონაცემები წაშლილიყო, რათა სერვერზე ადგილი გათავისუფლებულიყო. ახლა კი კომპანია უფრო რადიკალურ ნაბიჯს დგამს და 24 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში არააქტიური ანგარიშების წაშლას გეგმავს.
როგორც ცნობილია, ეს პროცესი 2023 წლის ბოლოს დაიწყება და პირველ რიგში ისეთ ანგარიშებზე გავრცელდება, რომლებიც შექმნიდან დღემდე არ გამოყენებულა. რა თქმა უნდა, ამის შესახებ Google მომხმარებლების არაერთხელ გაფრთხილებას შეეცდება როგორც მითითებულ email-ზე, ასევე სათადარიგო ელფოსტაზე.
აღსანიშნავია, რომ წაშლილი ანგარიშების აღდგენა შეუძლებელი იქნება.
თუ თქვენი ანგარიში 2 წელია, არ გამოგიყენებიათ, სავარაუდოდ, მისი წაშლაც არ შეგიქმნით პრობლემას. ამის მიუხედავად, სოციალურ ქსელში გავრცელდა უკმაყოფილება იმის შესახებ, რომ შესაძლოა, არააქტიურ Gmail-ებთან ერთად, მათზე მიბმული YouTube-ის ანგარიშების შიგთავსიც გამქრალიყო, მაგრამ ასე არ მოხდება.
იმისათვის, რომ ეს ცვლილება არ შეგეხოთ, მიმართეთ შემდეგ აქტივობებს:
- შედით თქვენს ანგარიშში.
- წაიკითხეთ შემოსული შეტყობინებები ან გაგზავნეთ მეილი.
- გამოიყენეთ Google Drive.
- უყურეთ YouTube ვიდეოებს.
- Play Store-დან გადმოწერეთ აპლიკაციები.
- გამოიყენეთ Google Search.
- Google-ის გავლით შედით სხვა აპლიკაციასა თუ პლატფორმაზე.
კომენტარები