ტექ მილიონერი ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად შვილის სისხლს ისხამს
ამერიკელი მილიონერი, ბრაიან ჯონსონი, რომელსაც სურს, მუდმივად ახალგაზრდა დარჩეს, ამისთვის ახლა უკვე საკუთარი თინეიჯერი შვილის სისხლს ისხამს, თავისას კი მამამისს უსხამს, რომელიც 70 წლისაა.
ოჯახი ამ პროცედურის ჩასატარებლად ახლახან დალასში მდებარე კლინიკაში იყოფებოდა, სადაც 45 წლის ტექ-მეწარმემ, მამასთან და 17 წლის შვილთან ერთად, სისხლის თაობათაშორის გაცვლის მეთოდს მიმართა, რაც 21-ე საუკუნის ერთგვარ ვამპირულ რიტუალს მოგვაგონებს.
თაგვების მაგალითზე მსგავსმა ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ ახალგაზრდა ინდივიდის სისხლის გადასხმამ შედარებით ხნიერ მღრღნელებში დადებითი შედეგი მართლაც გამოიღო, მაგრამ რამდენად ვრცელდება ეს ადამიანებზეც, უცნობია. სპეციალისტები ამბობენ, რომ მსგავსი თერაპიის კლინიკური სარგებელი დაუდასტურებელია და რისკებთანაცაა დაკავშირებული, ამიტომ მისგან თავის შეკავებას გვირჩევენ.
როგორც ვხედავთ, ბრაიან ჯონსონი ამ რეკომენდაციას არ ითვალისწინებს და ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად ყველა გზას მიმართავს. აღსანიშნავია, რომ მანამდე მან სისხლი რამდენჯერმე ანონიმური დონორისგანაც გადაისხა. ეს კანდიდატი ექიმებმა სიფრთხილით შეარჩიეს და ყურადღება მისი სხეულის მასის ინდექსზე, სისხლის ჯგუფზე, კვების რაციონსა და ჯანმრთელობის ზოგად მდგომარეობაზე გაამახვილეს.
ბრაიან ჯონსონს არა მხოლოდ ახალგაზრდობის შენარჩუნება სურს, არამედ უნდა, რომ მისი კანი, თმა, კბილები და ორგანოები, მათ შორის ტვინი, დაუბრუნდეს მდგომარეობას, როგორიც 18 წლის ასაკში იყო. ამისთვის ბიზნესმენი წელიწადში 2 მილიონ აშშ დოლარს ხარჯავს და მთლიან პროცესში 30 ექიმია ჩართული.
კომენტარები