რამდენიმე წლის წინ მთელი ქართული ინტერნეტი მოიარა ამბავმა რენტგენის ფირფიტაზე ჩაწერილი კინტოს სიმღერის შესახებ. ინფორმაციას მუსიკალური გამოცემა Popmusic ავრცელებდა. თავად სიმღერა კი, სადაც კინტო ორი მამაკაცის სიყვარულზე მღერის, მუსიკის ჟურნალისტმა ლაშა გაბუნიამ აღმოაჩინა.

დღეს ქართველმა არტისტმა Tamada-მ უცნობი კინტოს სიმღერის ქავერი გაავრცელა, რომელშიც გასული საუკუნის სიყვარულის ისტორია თანამედროვე ჟღერადობას იძენს.

"მუჰამედ და აბდულიც სიყვარულს მეფიცება I ორივეს შეყვარება აბა, როგორ იქნება" – ისმის სიმღერაში. ის ფაქტი, რომ სიმღერა რენტგენის ფირფიტაზეა ჩაწერილი, ქართული კულტურის ამ უმნიშვნელოვანეს ნაწილს დამატებით ხიბლს სძენს. რენტგენის ფირფიტები სსრკ-ში მაგნიტოფონების მასობრივად შემოსვლამდე არსებობდა. მათზე სიმღერები კუსტარულად იწერებოდა და სიმღერის თემატიკიდან გამომდინარე, დიდი შანსია, ესეც ფარულად ჩაეწერათ.

კინტოს ამ სიმღერის პირვანდელი ვერსია სავარაუდოდ 1940-1960 წლამდეა საიდუმლოდ ჩაწერილი და რენტგენის სურათზე დაბეჭდილი. იმ დროს, როდესაც არც მე ვიყავი ჩაფიქრებული და არც — ჩემი მშობლები. ბებია და ბაბუა კი ჩემზე ბევრად ახალგაზრდები იყვნენ, წესითა და რიგით.
კომუნისტები აქტიურად ებრძოდნენ "აკრძალულ" სიყვარულს და ცოტა დასანანია, რომ ამდენი წლის შემდეგაც იგივე პრობლემებს ეჩეხებიან ადამიანები. მართალია, შეცვლილი ფორმით, მაგრამ მაინც.

კინტოს სიმღერის ეს ჩემეული ვერსია პირველი სინგლია ახალი ალბომიდან, რომელიც წლის ბოლომდე გამოვა. დაელოდეთ ალბომის დანარჩენ ნაწილებსაც და გზად ერთად ვებრძოლოთ იმ თავს მოხვეულ ჩარჩოებს, რომლებსაც ამა თუ იმ ნიშნით მიუღებლობამდე მივყავართ. სიყვარული სიყვარულია.

მადლობა ლაშა გაბუნიას, რომ ეს სიმღერა აღმოაჩინა და მსმენელისთვის ხელმისაწვდომი გახადა.

თამადა


პროექტი Tamada მუსიკოს ლაშა ჩაპელის, იგივე ლაშა ჩხაპელიას პროექტია, რომელიც 2019 წელს შეიქმნა. Tamada ორ მუსიკოსს, სოლისტ ლაშა ჩხაპელიასა და გიტარისტ ლექსო რატიანს აერთიანებს. ლაშა საქართველოში ჩამოსვლამდე ბერლინის სხვადასხვა კლუბში უკრავდა, შემდგომ კი გადაწყვიტა ელექტრონულ მუსიკაში დაგროვილი გამოცდილება მისთვის ნაცნობ და საყვარელ ჰანგებთან, ქალაქურ ფოლკლორთან გააერთიანებინა. ასე დაიბადა პროექტი Tamada და შეიქმნა სიმღერები, რომლებსაც Youtube-ზე მილიონობით ნახვა აქვთ.

Tamada-ს სამომავლო გეგმებში ახალი ალბომის გამოქვეყნება და ევროპული ტურნე შედის, რომლის ფარგლებშიც Bedford Falls, Tamada და Creams ევროპის ხუთ ქალაქს ეწვევიან. ტურნე სტარტს 14 მაისს, ბერლინში აიღებს და 23 მაისს, ტალინში დასრულდება.