სატურნმა თანამგზავრების რაოდენობით პირველ ადგილზე გადაინაცვლა
ჯერ კიდევ თებერვალში ასტრონომებმა იუპიტერის გარშემო დამატებით 12 თანამგზავრის არსებობა დაადასტურეს, რამაც მზის სისტემის აირის გიგანტის უახლოესი ციური სხეულების რიცხვი 92-მდე გაზარდა. შედეგად, მან სატურნს, რომლის ირგვლივაც იმ დროისთვის 83 მსგავსი ასტრონომიული ობიექტი იყო დაფიქსირებული, პირველობა ჩამოართვა.
ახლა სატურნმა პირველობა ისევ დაიბრუნა, რადგან აღმოჩნდა, რომ მის მიმდებარედ კიდევ 62 ახალი თანამგზავრი მოძრაობს. ამით მათმა საერთო რაოდენობამ 145-ს მიაღწია. იუპიტერის შემთხვევაში ამჟამად ეს მაჩვენებელი 95 გახლავთ.
იუპიტერი და სატურნი ჩვენს მზის სისტემაში ყველაზე მასიური პლანეტებია. შესაბამისად, მათი გრავიტაცია ძალიან ძლიერია, რის გამოც ამ ციური სხეულების გარშემო მრავალი ობიექტი გადაადგილდება. ამჟამად მათი ასობით პოტენციური თანამგზავრია დაფიქსირებული, მაგრამ ამის დასადასტურებლად კანდიდატების დეტალურად შესწავლა და კრიტერიუმებთან შესაბამისობის დადგენაა საჭირო.
აქედან გამომდინარე, რაოდენობა ხშირად იცვლება და პირველ ადგილზე ხან იუპიტერი ინაცვლებს, ხან კი სატურნი. რამდენი ხნით შეინარჩუნებს ეს უკანასკნელი ამ სტატუსს, მომავალში გავიგებთ.
კომენტარები