ახალი პრეპარატი ალცჰაიმერის პროგრესირებას 35%-ით ანელებს
ალცჰაიმერი ყოველწლიურად ათობით მილიონ ადამიანზე ახდენს გავლენას და მათში კოგნიტიური ფუნქციების დაქვეითებას იწვევს. კომპანია Eli Lilly-ის ახალი პრეპარატი მსგავსი დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვის იმედის მომცემია, რადგან კლინიკურ ცდაში მან დაავადების პროგრესირება საგრძნობლად შეანელა.
კერძოდ, Donanemab-ის სახელით ცნობილმა მედიკამენტმა სიმპტომური ალცჰაიმერის ადრეულ ეტაპზე პაციენტებში კოგნიტიური და ფუნქციური დაღმასვლა 35%-ით შეანელა. ეს იმ ინდივიდებში, რომლებიც ცდის მესამე ფაზის ფარგლებში მას 18 თვის განმავლობაში იღებდნენ.
მკურნალობის შედეგად, მათ ყოველდღიური საქმიანობის შესრულება გაუმარტივდათ, რაც სპეციალისტებმა სათანადო სკალის მეშვეობით დაადგინეს. მას iADRS ეწოდება და აღნიშნული დაავადების პროგრესირების მონიტორინგისთვის გამოიყენება.
როგორც ცნობილია, კვლევის უკანასკნელ შედეგებზე დაყრდნობით, კომპანია უახლოეს მომავალში აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ხარისხის კონტროლის სააგენტოში განაცხადს შეიტანს. მისი მხარდაჭერით, Eli Lilly შეეცდება, რომ პრეპარატმა მარეგულირებელი ორგანოების მხრიდან შემოწმება გაიაროს და გამოყენების ნებართვისკენ გაუკვალოს გზა.
კომპანია უკვე 20 წელზე მეტია, რაც ალცჰაიმერთან ბრძოლის გზებზე მუშაობს, რასაც, მაგალითად, მისი მექანიზმების შესწავლითა და ინდიკატორების გამოვლენით ცდილობს. იქ მომუშავე მეცნიერები აცხადებენ, რომ მოხარული არიან ასეთი წარმატების გამო, რომელიც ამ დაავადების მქონე პაციენტებისთვის უმნიშვნელოვანესია. მათი თქმით, ესაა ამ დანიშნულების პირველი ექსპერიმენტული მედიკამენტი, რომელმაც ცდის მესამე ფაზაში ალცჰაიმერის პროგრესირება 35%-ით შეანელა.
აღსანიშნავია, რომ ცდისპირების 47%-ში Donanemab-ის მიღების შემდეგ სიმპტომების გაუარესება არ დაფიქსირებულა, განსხვავებით კონტროლ ჯგუფის 29%-ისა, რომელთაც პლაცებო მიიღეს. პირველ კატეგორიაში, ასევე, დაავადების პროგრესირების 39%-ით ნაკლები რისკი იყო.
მართალია, მედიკამენტმა ყველაზე კარგი შედეგი ადრეული ალცჰაიმერის მქონე ინდივიდებზე იქონია, თუმცა დადებითი გავლენა დაფიქსირდა უფრო სერიოზულ შემთხვევებშიც. კონკრეტულად, დაავადების საშუალო და მწვავე ფორმების მქონე პირებში პროგრესირება 29% და 22%-ით შენელდა.
ეს ამ დიაგნოზით მცხოვრები ადამიანებისთვის ძალზე მნიშვნელოვანია, მიუხედავად იმისა, რომ Donanemab მათ დაავადებას ვერ განკურნავს.
კომენტარები