Google Chrome-ით სარგებლობისას საიტის მისამართის თავში ბოქლომს ვეღარ ვიხილავთ — რა ხდება
2023 წლის სექტემბერში Google განახლებული ხატულას გამოშვებას გეგმავს.
Google Chrome-ით სარგებლობისას საიტის მისამართის თავში ხშირად შენიშნავთ ბოქლომის ხატულას. ეს ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, თითქოს საიტი უსაფრთხოა, თუმცა საქმე როდია ყოველთვის ასე. ამის გამო კომპანია ხატულას ჩანაცვლებას აპირებს.
Google-მა ახლახან ვრცელი ბლოგპოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც წლების განმავლობაში ხატულას დიზაინისა და ფუნქციურობის ცვლილებებია განხილული.
მისამართის თავში ბოქლომის ხატულა ნიშნავს, რომ საიტთან თქვენი კავშირი HTTPS-ითაა დაშიფრული, ანუ მონაცემები გზად თქვენამდე და თქვენი კომპიუტერიდან ცვლილებებს არ განიცდის.
იმის გამო, რომ ადრე HTTPS მხარდაჭერის მოპოვება რთული იყო და გარკვეულ ხარჯებთან ასოცირდებოდა, მომხმარებლებს ხატულას არსებობა ნდობის განცდასაც უქმნიდა — SSL სერტიფიკატისთვის ათასობით დოლარს ბევრი თაღლითი ხომ არ გადაიხდიდა...
"ბოქლომის ხატულას დიზაინი 2016-ში განვაახლეთ, ვინაიდან ჩვენმა კვლევამ აჩვენა, რომ მისი მნიშვნელობა მომხმარებელთა უმრავლესობას არასწორად ესმოდა. ჩვენი მაქსიმალური ძალისხმევის მიუხედავად, 2021-ში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ბოქლომის ხატულას ზუსტი მნიშვნელობა მონაწილეთა მხოლოდ 11%-ს ესმოდა სწორად. ეს გაუგებრობა უწყინარი არაა — HTTPS-ს ფიშინგისათვის განკუთვნილი თითქმის ყველა საიტი იყენებს და, შესაბამისად, მათ ბოქლომის ხატულაც ერთვის", — ვკითხულობთ ბლოგპოსტში.
Google-მა მეტად ნეიტრალური ხატულას შემოღების მცდელობა ჯერ კიდევ 2021 წელს დაიწყო. კომპანია ამჯერად ასეთ ვარიანტზე შეჯერდა:
ახალი ვერსია პარამეტრების ხატულას უფრო წააგავს. Google-ის კვლევის მიხედვით, იგი ბოქლომთან შედარებით ნაკლებად ტოვებს სანდოობის შთაბეჭდილებას. საგულისხმოა ისიც, რომ Chrome სპეციალური შეტყობინების "Not secure" ჩვენებას ისევ განაგრძობს, როდესაც HTTPS-ით დაუშიფრავ საიტზე გადავალთ.
Google განახლებულ ხატულას 2023 წლის სექტემბერში გამოუშვებს Chrome 117-თან ერთად. Android-ზე ახალი ვერსია დაახლოებით იმავე დროს დაემატება, როცა იგი დესკტოპის ვერსიაზე გაეშვება. iPhone-ს რაც შეეხება, ბოქლომი მთლიანად გაქრება და არ ჩანაცვლდება, ვინაიდან მასზე დაჭერა შეუძლებელია.
ახალი ხატულა Chrome Canary-ზე უკვე ხელმისაწვდომია Chrome Refresh 2023 რედიზაინის ფარგლებში.
კომენტარები