ხელოვნური განაყოფიერების ავტომატიზაცია იწყება — ამ მეთოდით ბავშვები უკვე დაიბადნენ
ესპანურმა სტარტაპმა შექმნა სპერმის ინექცირებადი რობოტი, რომლის მართვა PlayStation-ის კონტროლერის გამოყენებით შეიძლება. გუნდმა წარმატებით გამოიყენა ის ადამიანის კვერცხუჯრედების გასანაყოფიერებლად, რის შედეგადაც ორი ჯანმრთელი ბავშვი დაიბადა.
სტარტაპ Overture Life-ის ინჟინერი, მექანიზებულ ინ-ვიტრო განაყოფიერების (IVF) ნემსს PlayStation 5-ის კონტროლერით მართავდა.
და, როგორც ვხედავთ, უჩვეულო ტექნიკამ იმუშავა. ავტომატიზირებული განაყოფიერების შედეგად ორი გოგონა დაიბადა.
"მე მშვიდად ვიყავი. ვიცოდი, ყველაფერი გამომივიდოდა", — განუცხადა ედუარდ ალბამ MIT Technology Review-ს.
აღსანიშნავია, რომ ეს არსებითად ტრადიციული IVF-ის რობოტული განახლებაა. ძირითადად, ამ პროცესში უშუალოდ ადამიანია ჩართული. ასეთ დროს ადამიანი სპეციალური ნემსის გამოყენებით, მიკროსკოპის ქვეშ კვერცხუჯრედს და სპერმატოზოიდს ერთმანეთთან აკავშირებს. შედეგად, ზოგჯერ, მაგრამ არა ყოველთვის, ვიღებთ განაყოფიერებას.
ხსენებული პროცესი ძალიან შრომატევადია. შესაბამისად, ის ძალიან ძვირია, დაორსულების ყოველი მცდელობა აშშ-ში დაახლოებით 20 000 დოლარი ჯდება.
სწორედ აქ შემოდიან სტარტაპები, როგორიცაა Overture და MIT Technology Review-ის მიერ ხსენებული რამდენიმე სხვა. ამ სტარტაპების მიზანია, ავტომატიზაციის გზით, პროცესი გაცილებით იაფი და ხელმისაწვდომი გახადონ.
ამ მომენტისთვის, Overture-მა დაახლოებით 37 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა. ექსპერტების აზრით, ეს მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია პროცესის სრული ავტომატიზაციისკენ.
თუმცა, Overture-ის ინჟინრებს ჯერ კიდევ უწევდათ სპერმის უჯრედების ხელით ჩატვირთვა სპეციალურ ნემსებზე — ეს ნიშნავს, რომ სრული ავტომატიზაცია ჯერ მიუღწეველია.
და მაინც, ეს შთამბეჭდავი წინგადადგმული ნაბიჯია და ექსპერტებმა მიღწევას მაღალი შეფასება მისცეს.
კომენტარები