მამის მიერ ბავშვის ჩასახვამდე ალკოჰოლის მიღებამ შესაძლოა, ნაყოფში ანომალიები გამოიწვიოს
ახალი კვლევა მამების მიერ ბავშვის ჩასახვამდე ალკოჰოლის მიღებას ნაყოფის ალკოჰოლურ სინდრომთან აკავშირებს, რაც ტვინისა და სახის ანომალიებს მოიცავს. ეს ნიშნავს, რომ მთლიანი პასუხისმგებლობა მხოლოდ დედებს არ უნდა დაეკისროთ და სასმლის მიღებისგან თავი ამ დროს კაცებმაც უნდა შეიკავონ.
საინტერესოა, რომ მეცნიერებმა მამის მიერ ალკოჰოლის მიღება თავის ქალისა და სახის უფრო შესამჩნევ ცვლილებასთან დააკავშირეს, ვიდრე ეს დედის შემთხვევაშია. შესაბამისად, არაა გამორიცხული, რომ სპერმაზე სასმლის გავლენა სხვადასხვა ნაკვთის დისპროპორციას დაედოს საფუძვლად.
ნაყოფის ალკოჰოლური სინდრომი არის მდგომარეობა, რომლის დროსაც ბავშვებში მცირე წონა, ცენტრალური ნერვული სისტემის პრობლემები, ჰიპერაქტიურობა და ფიზიკური განვითარების შეფერხება ფიქსირდება. მისი დიაგნოსტირება ძნელია, მაგრამ თუ ირკვევა, რომ დედა ორსულობისას ალკოჰოლს იღებდა, დასკვნის გამოტანა მარტივდება. უკანასკნელი კვლევის მიხედვით, შესაძლოა, ზოგ შემთხვევაში ქალს ამაში წვლილი სულაც არ მიუძღოდეს, რაც მნიშვნელოვანი მიგნება იქნება.
მეცნიერებმა ამ საკითხის შესასწავლად თაგვის მოდელები გამოიყენეს და ჩასახვამდე დედის, მამისა და ორივე მათგანის მიერ ალკოჰოლის მიღების შედეგები ერთმანეთს შეადარეს. მათ დაადგინეს, რომ მღრღნელებში გამოვლენილი თავის ქალისა და სახის დეფექტები ისეთივე იყო, როგორიც ადამიანებში იჩენს თავს. ამის მიუხედავად, ყველაზე შესამჩნევი ანომალიები მამასთან ასოცირდებოდა.
ახალმა კვლევამ შესაძლოა, ნაყოფის ალკოჰოლური სინდრომის შესახებ ჩვენი ცოდნა საგრძნობლად შეცვალოს და მომავალი მშობლების მხრიდან ალკოჰოლისგან თავის შეკავების აუცილებლობა, ასევე, შესაძლო რისკები უკეთ დაგვანახოს. ამის მიუხედავად, არაა გამორიცხული, რომ თაგვების მოდელი ადამიანებზე არ ვრცელდებოდეს, რის გასაგებადაც დამატებითი კვლევებია საჭირო.
ავტორთა ნაშრომი გამოცემაში Journal of Clinical Investigation გამოქვეყნდა.
კომენტარები